ირაკლი ღარიბაშვილი დავით გარეჯის საქმეზე სასამართლოში დასაკითხი მოწმეების სიაშია
ირაკლი ღარიბაშვილი დავით გარეჯის საქმეზე სასამართლოში დასაკითხი მოწმეების სიაშია

დავით გარეჯის საქმის არსებითი განხილვისას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სასამართლოში დაიკითხება, – ამის შესახებ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღევანდელი სხდომის დაწყებამდე აღნიშნეს. ინფორმაცია არ უარყო საქმის პროკურორმაც.

„დღესაც მოსამართლის წინაშე იქნება ყველა ის საკითხი გაჟღერებული, რაზეც აქამდე ვამახვილებდით ყურადღებას. ამ საქმეს ბევრი მიმართულება აქვს, ერთი არის სამართლებრივი, მეორე კარტოგრაფიული, მესამე პოლიტიკური. ყველა ამ მდგენელის შესახებ გვსურს, რომ მოსამართლემ გაამახვილოს ყურადღება. გვინდა, რომ ყველა ამ საკითხზე ერთად გაამახვილოს ყურადღება, არა ცალ-ცალკე რომელიმე მათგანი, არამედ ერთობლიობაში უნდა აღიქვას საქმე მოსამართლემ. ამ საქმის დაწყებიდან ვამბობდით, რომ ეს არ არის რიგითი საქმე, აქ არის პოლიტიკური შინაარსი. ღარიბაშვილის თანამდებობრივი ცვლილება შეიძლება, არსებითად არ ცვლიდეს არაფერს, რადგან ზოგადად, პოლიტიკური გუნდი არის დაინტერესებული ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანით. თუკი აქამდე ვკითხავდით ამ საქმეში თავდაცვის მინისტრს, ახლა დავკითხავთ ამ საქმეში პრემიერ-მინისტრს“, – განაცხადა ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა.

რაც შეეხება პროკურორის პოზიციას, მისი თქმით, საქმის არსებითი განხილვისას ყველა მტკიცებულებას გამოიკვლევენ და დაკითხავენ ყველა მოწმეს, რომელიც მოწმეთა ნუსხაშია.

„ეს საქმე უკვე არსებითად განსახილველად გადაეცა სასამართლოს, რაც ნიშნავს, რომ ბრალდებულების მხრიდან ჩადენილი დანაშაული შესაბამისი კანონის გათვალისწინებით მტკიცებულებითი სტანდარტით დასტურდება. მხარეები წარვადგენთ შესავალ სიტყვას, ვისაუბრებთ იმ ძირითადი მტკიცებულებების თაობაზე, რაც ჩვენს პოზიციას ადასტურებს. ეს მტკიცებულებები არის, როგორც დოკუმენტაცია, ასევე კარტოგრაფიული მასალა, ექსპერტიზის დასკვნები და სხვა ელექტრონული ინფორმაცია, მათ შორის, ფარული საგამოძიები მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია. ეს მტკიცებულებები ერთობლიობაში საკმაოდ მაღალი სტანდარტით ადასტურებს ბრალეულობას.

არსებითი განხილვა იწყება, რაც ნიშნავს, რომ ყველა მოწმე დაიკითხება და ყველა მტკიცებულება იქნება გამოკვლეული.

რაც შეეხება მთავარ საქმეზე ძიებას, გამოძიება საკმაოდ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და შედეგებს საზოგადოებას მივაწვდით“, – განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

აღსანიშნავია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრობისას საქმესთან დაკავშირებით უკვე გამოკითხულია გენერალურ პროკურატურაში.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. ისინი ბრალს არ აღიარებენ. ბრალდებულები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მიმდინარე წლის 28 იანვარს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.