ირაკლი ღარიბაშვილი - დავით გარეჯის საკითხზე სააკაშვილის ხელისუფლების დროს აღმაშფოთებელი გადაწყვეტილებები მიიღეს და მჯერა, პროკურატურა საკითხს ბოლომდე მიიყვანს
ირაკლი ღარიბაშვილი - დავით გარეჯის საკითხზე სააკაშვილის ხელისუფლების დროს აღმაშფოთებელი გადაწყვეტილებები მიიღეს და მჯერა, პროკურატურა საკითხს ბოლომდე მიიყვანს

დავით გარეჯის საკითხზე სააკაშვილის ხელისუფლების დროს აღმაშფოთებელი გადაწყვეტილებები მიიღეს და მჯერა, პროკურატურა საკითხს ბოლომდე მიიყვანს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, შესაბამისი კითხვის პასუხად, ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით, რაზეც მან პროკურატურასაც მიაწოდა ინფორმაცია.

„დავით გარეჯის საკითხი ძალიან მგრძნობიარეა, რამაც ალბათ ყველა მოქალაქე შეძრა და ასე ვთქვათ, შოკისმომგვრელი შეიძლება, ყოფილიყო. ამის თაობაზე ვრცელი განმარტებები გავაკეთე ჩემს ერთ სატელივიზიო გამოსვლაში, მაგრამ მზად ვარ, კიდევ ერთხელ გავიმეორო.

ძალიან მოკლედ და ლაკონიურად რომ გითხრათ, ამის თაობაზე ვიმყოფებოდი საქართველოს პროკურატურაშიც, სადაც მოხდა ჩემი გამოკითხვა, ინფორმაცია მივაწოდე გამოძიებას. მინდა, განვმარტო, რომ გამოძიება დაიწყო ჩემ მიერ მიწერილი წერილის საფუძველზე, რომელიც გავუგზავნე მთავარ პროკურორს, ბატონ ირაკლი შოთაძეს ჯერ კიდევ აგვისტოში, ანუ მას შემდეგ, რაც ჩვენ დავასრულეთ ინფორმაციებისა და დოკუმენტაციის მოძიება, ანალიზი. ამის შემდეგ მე მივწერე წერილი მთავარ პროკურორს.

საკითხი არის ძალიან მარტივი, დავით გარეჯთან მიმართებით ორ ქვეყანას შორის, აზერბაიჯან-საქართველოს შორის გაფორმდა შეთანხმება, ხელშეკრულება 1996 წელს, ჯერ კიდევ მაშინდელი პრეზიდენტების, ჰეიდარ ალიევისა და ედუარდ შევარდნაძის დავალებით, ამ ხელშეკრულებამ განსაზღვრა, რომ ერთადერთი ძირითადი დოკუმენტი, რომელიც დაარეგულირებდა და რომელიც საზღვრის საკითხებს გადაწყვეტდა, იყო 1938 წლის დოკუმენტი, შეთანხმება და რუკა. შესაბამისად, მხარეებმა აიღეს ვალდებულება, რომ იხელმძღვანელებდნენ მხოლოდ, ხაზს ვუსვამ, მხოლოდ და მხოლოდ 1938 წლის რუკით.

აღმოჩნდა, რომ სამწუხაროდ, წლების განმავლობაში და შემდეგ განსაკუთრებით, აღმაშფოთებელი, შემაშფოთებელი იყო ის გადაწყვეტილებები, რომელიც მიიღეს წინა მთავრობისას, სააკაშვილის დროს და სწორედ ეს არის გასარკვევი, ეს აქვს დასადგენი პროკურატურას. მათ მიიღეს ძალიან საშიში გადაწყვეტილებები, ასე ვიტყოდი, რაც განაპირობებდა ჩვენი ტერიტორიების, მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაკარგვას და უცხო სახელმწიფოსთვის ამ ტერიტორიის გადაცემას, მათ შორის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილის გადაცემას, რომელიც ვიმეორებ, რომ ხსენებული რუკის მიხედვით, სრულად არის ჩვენს ტერიტორიაზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით, ამ საკითხის შესწავლა ჯერ კიდევ მისი პრემიერ-მინისტრობის დროს დაიწყო.

„საკითხის შესწავლა დავიწყე, ვინაიდან ჩემი პირდაპირი ვალდებულება იყო და არის ახლა, როგორც მთავრობის წევრის. გავარკვიეთ, რომ ყველა ის რუკა და სხვა თანმდევი დოკუმენტაცია საქართველოს არქივებიდან იყო გამქრალი – ეს ერთი; მეორე – ასე ვთქვათ, დამაეჭვებელი გარემოება რაც გამოიკვეთა, წინა მთავრობასა და კომისიას, ჩემი ინფორმაციით, არასოდეს მიუმართავს ან რაიმე მცდელობა არ ჩაუდენია, რომ ეს რუკა ყოფილიყო მოძიებული, ამ რუკის მიხედვით ყოფილიყო შეთანხმებული ის სადავო თუ გადაუწყვეტელი მონაკვეთები. უფრო მეტიც, ჩვენი ინფორმაციით, კომისია ხელმძღვანელობდა, წინა მთავრობა ხელმძღვანელობდა სხვა რუკებით, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს საწინააღმდეგო პოზიციებს გამოხატავდა და შედეგად ხდებოდა არამართლზომიერი, ასე ვიტყოდი, ანტისახელმწიფოებრივი შეთანხმებების გაფორმება.

ჩვენ მოვისმინეთ ჩვენი ოპონენტებისგან, თითქოს არაფერი ყოფილა შეთანხმებული, რაც არის კიდევ ერთი, მორიგი ტყუილი. 2006 და 2007 წლებში, კონკრეტულად ეს მონაკვეთი, რომელზეც თქვენ საუბრობთ, დავით გარეჯის მონაკვეთი იქნა შეთანხმებული და ნაცვლად იმისა, საზოგადოებისთვის მარტივად რომ ავხსნა, მეც მომიწია კარტოგრაფიაში გარკვევა, საზღვარი გადიოდა ამ რუკის მიხედვით, რომელზეც მე ვსაუბრობ, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ქედის ძირში, დაახლოებით 500 მეტრის სიღრმეში, ნაცვლად იმისა, რომ ამ რუკის მიხედვით გაეტარებინათ საზღვარი ცნობილ ჩიჩხიტურის მონასტერთან, სამონასტრო კომპლექსის შემადგენელი მთავარი ნაწილი, ჩიჩხიტურის მონასტერი გამოატარეს პირდაპირ თხემის თავზე და არა მის ძირში. ეს ერთ-ერთი მთავარი, ასე ვთქვათ, დარღვევაა, არათუ დარღვევა, არამედ დანაშაული, ჩემი მოსაზრებით.

როგორც თავდაცვის მინისტრს, დანარჩენზე ამ შემთხვევაში, ვინაიდან გამოძიება მიმდინარეობს, არ მინდა, რომ ზედმეტი სპეკულაციური განცხადებები გავაკეთო. მჯერა, გამოძიება დაადგენს ყველას მოტივს, მოტივაციას. საუბარი და სპეკულაციები ხშირად ხდება იმაზე, თითქოს კარტოგრაფებმა, ორმა კარტოგრაფმა თუ კომისიის წევრებმა, ასე ვთქვათ, რამდენიმე წევრმა გადაწყვიტა ეს, რაც, რა თქმა უნდა, აბსურდულია. მოგეხსენებათ, რომ ასეთი ტიპის, ასეთი შინაარსის საკითხების გადაწყვეტა ხდება უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, უმაღლესში მე ვგულისხმობ რა თქმა უნდა პრეზიდენტს ან პრემიერ-მინისტრს.

პროკურატურას აქვს ძალიან დიდი მისია და მჯერა, რომ ისინი ამ საკითხს ბოლომდე მიიყვანენ“, – განაცხადა პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილმა.

დატოვე კომენტარი