ირაკლი ეგოიანი „ვიტესიდან“ წავიდა – მისი თამაში სხვებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა #1TVSPORT
არნემის „ვიტესმა“ პროფესიული ლიცენზია დაკარგა, რის შემდეგაც კლუბმა ფეხბურთელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით წასვლის საშუალება მისცა. მათ შორის იყო ირაკლი ეგოიანი, რომელიც გუნდს დაემშვიდობა.
„მადლობა გასული სეზონისთვის ფანებს, თანაგუნდელებს და სტაფს. აქ ბევრი რამ ვისწავლე და საშუალება მქონდა, უამრავი კარგი ისტორიის მონაწილე ვყოფილიყავი“, – დაწერა ეგოიანმა სოციალურ ქსელში.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი 2017 წელს „აიაქსის“ აკადემიაში მიიწვიეს, საიდანაც „ტვენტეში“ გადავიდა და სარეზერვო გუნდში თამაშობდა. მოგვიანებით „ვიტესს“ შეუერთდა, სადაც სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ეგოიანმა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ევრო 2025-ზე იასპარეზა.
მედიის ცნობით, 21 წლის ფეხბურთელით რამდენიმე ნიდერლანდური კლუბია დაინტერესებული, – ამის შესახებ გამოცემა Twenteinsite-ი წერს.
„ვიტესმა“ ეგოიანს სხვა გუნდში გადასვლის უფლება მისცა – ვინ დაიმატებს ქართველ ნახევარმცველს უფასოდ?
„ფეხბურთელთა კავშირთან ნიდერლანდების საფეხბურთო კავშირის მოლაპარაკებების შემდეგ „ვიტესი“ ფეხბურთელთა კონტრაქტების შეწყვეტას დათანხმდა. ეს შეთანხმება კარგი ამბავია ირაკლი ეგოიანისთვისაც. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი თავს „ტვენტეში“ ზეროუკას მემკვიდრედ მიიჩნევდა, თუმცა გუნდის მთავარი მწვრთნელი ჯოზეფ ოოსტინგი სხვაგვარად ფიქრობდა“, – წერს გამოცემა.
ეგოიანმა „ვიტესში“ შთამბეჭდავად ითამაშა – 35 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა. „დე გრააფშაპის“ კარში გატანილი გოლი „კეი დრაფსკაუში“ წლის საუკეთესო გოლად დასახელდა. მისი კარგი სათამაშო ფორმა სხვა კლუბებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა.
„ტვენტესთვის“ ეს ნაკლებად სასიხარულო ამბავია, რადგან ეგოიანი თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდა, მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტი 2026 წლამდე ჰქონდა გაფორმებული. იმ დროს ეს გამოსავალი იდეალურად მიიჩნეოდა – „ტვენტეს“ მწვრთნელს ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი არ მოსწონდა, ხოლო „ვიტესს“ ახალი ტრანსფერებისთვის ფინანსები არ ჰქონდა.
ასეთი ტრანსფერებისას, როგორც წესი, კონტრაქტში შემდგომი გაყიდვის პუნქტია ჩართული. თუ ეგოიანი გაიყიდება, „ტვენტეს“ შეუძლია, ტრანსფერის საფასურის გარკვეული პროცენტი მიიღოს. ოფიციალურად ეს შეთანხმება არცერთ მხარეს არასდროს დაუდასტურებია, თუმცა ასეთი პუნქტის გარეშე „ტვენტე“ ფინანსურ სარგებელს დაკარგავს“, – წერს Twenteinsite-ი.