ირაკლი ჩხეიძემ ატაცში ბრინჯაოს მედალი აიღო [ფოტო]
ირაკლი ჩხეიძემ ატაცში ბრინჯაოს მედალი აიღო [ფოტო]

ბათუმში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე დღეს მედლებისთვის ბრძოლაში პირველი ირაკლი ჩხეიძე ჩაერთო, რომელმაც საქართველოს რიგით მეცხრე მედალი პირველი მოძრაობაში მოუტანა.

ჩხეიძემ პირველ მოძრაობაში ჯერ 163 კილოგრამი აიტაცა, შემდეგ 167 კილოგრამიც დაიმორჩილა, ბოლოს კი წონა სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით 169 კილოგრამამდე გაიზარდა და 20 წლის ქართველმა ძალოსანმა ეს წონაც დაიმორჩილა და ატაცის ბრინჯაოს მედალსაც დაეუფლა. მეორე დისციპლინა – აკვრა რამდენიმე წუთში დაიწყება და გიორგი ასანიძეს ამ დროისთვის, პირველ ცდაზე შეკვეთილი 200 კილოგრამი აქვს. ატაცის ოქრო უკრაინელ დმიტრო ჩუმაკს ერგო, რომელმაც 175 კილოგრამი დაიმორჩილა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მიმდინარე ევროპირველობაზე უკვე ცხრა მედალი აქვს. ატაცში ვერცხლი და ორჭიდში ბრინჯაო ანტონ პლესნოიმ (96 კგ.) მოიპოვა. სამი მედალი რევაზ დავითაძემ (89. კგ) აიღო, რომელმაც ატაცში ოქრო, აკვრასა და ორჭიდში კი ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა. აკვრაში ოქროს მედალი შოთა მიშველიძემ (61 კგ.) აიღო. ასევე აკვრაში ვერცხლი, ორჭიდში ბრინჯაო კი ირაკლის უფროს ძმას – გოგა ჩხეიძეს (67 კგ.) ერგო.

 

 

 

 

 

დატოვე კომენტარი