ირაკლი ჩიქოვანი - საერთაშორისო თანამეგობრობა დღეს, როგორც არასდროს, დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას
ირაკლი ჩიქოვანი - საერთაშორისო თანამეგობრობა დღეს, როგორც არასდროს, დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“, ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ  საერთაშორისო თანამეგობრობა დღეს, როგორც არასდროს, დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას.

„მიუხედავად იმისა, რომ 12 წელი გავიდა, უდიდესია ის ტკივილი, რომელიც მთელ ქვეყანასთან ერთად ზუგდიდმა განიცადა. ეს ტკივილი ზუგდიდში ყველაზე მეტად დავით ჯიქიას, ბადრი ბერანძის, კობა სერგიას და სერგო გოროზიას ოჯახებს მიადგათ. მათ დაკარგეს ახალგაზრდა შვილები, თუმცა ამაყები არიან, რომ გაზარდეს ვაჟკაცები, რომლებმაც სიცოცხლე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შესწირეს.

რუსეთის სამხედრო ინტერვენციამ და ოკუპაციამ მძიმე შედეგები გამოიღო; დაიღუპა მრავალი სამოქალაქო თუ სამხედრო პირი. ამ ოჯახებისთვის და ჩვენთვის ჯერ კიდევ მოუშუშებელია ის ტკივილი, რაც 2008 წლის აგვისტოს ომმა თითოეულ ჩვენგანს მიაყენა.

საერთაშორისო თანამეგობრობა დღეს, როგორც არასდროს, დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას.

მიზანმიმართული ნაბიჯებით და საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, საქართველო აუცილებლად მიაღწევს ქვეყნის დეოკუპაციას. თუმცა ძალა, რომელმაც ვერ შეძლო ქვეყნისთვის მოსალოდნელი საფრთხის აცილება, გადაეშვა რუსეთის მიერ დაგებულ ხაფანგში და ყველანაირად ხელი შეუწყო რუსეთს საკუთარი მიზნების განხორციელებაში, ვერასდროს მოგვევლინება ანტისაოკუპაციო ძალად“, – აღნიშნულია ირაკლი ჩიქოვანის განცხადებაში, რომელსაც ის „ფეისბუქში“ ავრცელებს.