ირაკლი ბერაია - უკვე იმდენად იზრდება მიხეილ სააკაშვილის არაადეკვატურობის ხარისხი, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანზეც მიიტანა იერიში
ირაკლი ბერაია - უკვე იმდენად იზრდება მიხეილ სააკაშვილის არაადეკვატურობის ხარისხი, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანზეც მიიტანა იერიში

უკვე იმდენად იზრდება მიხეილ სააკაშვილის არაადეკვატურობის ხარისხი, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანზეც მიიტანა იერიში, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, აშშ საქართველოს ხელისუფლებას სათანადოდ არ აკრიტიკებს და ენის მოჩლექით ელაპარაკება.

„ამ ადამიანს დაკარგული აქვს სახე, დღითიდღე იზრდება მისი არაადეკვატურობის ხარისხი. უკვე იმდენად, რომ მან ამერიკის სახელმწიფო მდივანზეც მიიტანა იერიში და საჯაროდ გაკიცხა იგი, როდესაც მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის და ხელისუფლების მიმართ ნდობის სულისკვეთება. ეს არის ჩვეულებრივი ანტიდასავლური სულისკვეთების ნარატივი და არც არის მისი მხრიდან ახალი.

ჩვენ გვახსოვს სააკაშვილის ბევრი ანტიდასავლური გამოხდომა, როდესაც ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენიებდა კანცლერ მერკელს, პრეზიდენტ სარკოზის, უკრაინელ სტუდენტებთან საუბრობდა დასავლეთის ქვეყნების კოლონიალურ დამოკიდებულებაზე პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ, მსოფლიო ბანკზე და სავალუტო ფონდზე, როგორც კოლონიალური მმართველობის ინსტრუმენტზე. ეს გასაკვირი არ არის დანაშაულებრივი რეჟიმის ლიდერისგან, რომლის დროსაც საქართველოში ხელისუფლების მხრიდან გადაიდგა რუსეთის სასარგებლო და ჩვენი ქვეყნისა და მისი სტრატეგიული პარტნიორების საზიანო ნაბიჯები, როდესაც გასხვისდა სტრატეგიული ობიექტები რუსულ კომპანიებზე, როდესაც 2008 წელს ეგზისტენციალური საფრთხე შეექმნა ჩვენს ქვეყანას და როდესაც დაზიანდა რეგიონში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების სასიცოცხლო ინტერესები. მისი ეს მორიგი სასაცილო გამოხმაურება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ის და მისი დანაშაულებრივი რეჟიმის გადმონაშთები მიყვებიან ანტიდასავლურ დღის წესრიგს“, – აცხადებს ირაკლი ბერაია.