ირაკლი ბერაია - კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ მწვავე პოზიციას, რომ რუსეთის ფედერაციის ადგილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არ არის
ირაკლი ბერაია - კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ მწვავე პოზიციას, რომ რუსეთის ფედერაციის ადგილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არ არის

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დღეს რუსეთს დელეგაციის უფლებამოსილების საკითხს განიხილავენ. რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების გასაჩივრების საკითხზე მსჯელობა, შემდეგ კი კენჭისყრა გაიმართება. საკითხზე მომხსენებლები იქნებიან ნიდერლანდებიდან დეპუტატი ტინი კოქსი და იტალიელი პარლამენტარი ალვიზ მანიერო.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია აცხადებს, რომ საქართველოს დელეგაცია აღნიშნულ თემაზე კიდევ ერთხელ დააყენებს მწვავე პოზიციას.

„საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განიხილება რუსეთის უფლებამოსილების ცნობის საკითხი და ჩვენ ვაპირებთ, კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი პრინციპული, მწვავე პოზიცია ამასთან დაკავშირებით. რუსეთი უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლით და საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტებით, ისევე, როგორც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს.

რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. რუსეთის ფედერაციის ქმედებები, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ასევე ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში საფრთხეს უქმნის არა მარტო ჩვენი სახელმწიფოების უსაფრთხოებას, არამედ ზოგადად, საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობას.

ჩვენ ვაპირებთ, ჩვენს პარტნიორებს ძალიან მკაფიოდ ვუთხრათ იმ არგუმენტებისა და მიზეზების შესახებ, თუ რატომ არ შეიძლება, რუსეთის ფედერაციის უფლებამოსილება იყოს ცნობილი. რუსეთის ფედერაცია არის პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთი უგულებელყოფს ცივილიზებული სამყაროს თამაშის წესებს და ვიდრე რუსეთი აგრძელებს თავის დესტრუქციულ და აგრესიულ ქმედებებს, რუსეთის ფედერაციის ადგილი ამ ორგანიზაციაში არ არის“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების საკითხი გაასაჩივრეს ლიეტუვის წარმომადგენელმა ემანუელის ზინგერისმა და ლატვიელმა მარია გოლუბევამ. მოთხოვნას საქართველოს დელეგაციაც შეუერთდა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ხმის უფლება რუსეთის დელეგაციას 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის გამო ჩამოართვეს. 2019 წლის 25 ივნისს კი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელმაც რუსეთის დელეგაციას საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნების საშუალება მისცა.

დატოვე კომენტარი