ირაკლი ბერაია - ჩვენმა ნატოელმა პარტნიორებმა შეაქეს საქართველოს პროგრესი, როგორც რეფორმების, ასევე თავდაცვის სფეროში წარმატებული ნაბიჯების თვალსაზრისით
ირაკლი ბერაია - ჩვენმა ნატოელმა პარტნიორებმა შეაქეს საქართველოს პროგრესი, როგორც რეფორმების, ასევე თავდაცვის სფეროში წარმატებული ნაბიჯების თვალსაზრისით

დღეს, იმ ოვალურ მაგიდასთან, სადაც ისხდნენ ალიანსის წევრი სახელმწიფოები, ასპირანტ საქართველოს ესაუბრებოდნენ როგორც ალიანსის თანასწორუფლებიან წევრს, თანასწორუფლებიან მოკავშირეს და როგორც ალიანსის პასუხისმგებლიან წევრ-სახელმწიფოს ეკითხებოდნენ მოსაზრებებს, შეხედულებებს და საქართველოს შეფასებებს არსებული უსაფრთხოების გარემოსთან და რისკების შემცირებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები ალიანსის ყველა მოკავშირის მხრიდან. ეს იყო პირველ რიგში მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მხარდაჭერა ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის, ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილების მიმართ. ჩვენმა ნატოელმა პარტნიორებმა შეაქეს საქართველოს პროგრესი როგორც დემოკრატიული რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, ასევე თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში გადადგმული წარმატებული ნაბიჯების თვალსაზრისით“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ბერაიას განცხადებით, ალიანსის წევრებმა მოიწონეს და სრული მხარდაჭერა აღუთქვეს  საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას. საუბარი შეეხო  ალიანსთან პრაქტიკული და პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავებას და 2022 წლის მადრიდის სამიტს. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ალიანსის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებს გააცნო საქართველოს მოლოდინები ნატო-ს ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით.

„ალიანსის მოკავშირეებმა მოიწონეს და სრული მხარდაჭერა აღუთქვეს კიდევ ერთხელ საქართველოს გონივრულ, წინდახედულ სამშვიდობო პოლიტიკას და ჩვენ გვქონდა საუბარი ალიანსთან პრაქტიკული და პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე და 2022 წლის მადრიდის სამიტზე, სადაც ჩვენ ნატო-ს მოკავშირეებს ვუთხარით ჩვენი მოლოდინების შესახებაც.

ჩვენი მოლოდინები არის პირველ რიგში, რომ კიდევ ერთხელ იყოს დაფიქსირებული ალიანსის ღია კარის პოლიტიკა, ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილებისადმი ერთგულება, საქართველოს პროგრესი ევროატლანტიკურ ინტეგრაციის პროცესში, ისევე როგორც მკაფიო ჩანაწერები საქართველოს დაწინაურებასთან დაკავშირებით ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ხელმღვანელობით, ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში, შეხვედრები გამართა. დღეს დელეგაციამ ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. პარლამენტის თავმჯდომარე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.