ირაკლი ბათიაშვილი -საარჩევნო პროცესში სამხედროების ჩართვის კამპანია არის ფარული მზადება რევოლუციისთვის
ირაკლი ბათიაშვილი -საარჩევნო პროცესში სამხედროების ჩართვის კამპანია არის ფარული მზადება რევოლუციისთვის

ირაკლი ბათიაშვილი პროცესებში სამხედრო პირების ჩართვას საფრთხის შემცველად მიიჩნევს. უშიშროების ყოფილი მინისტრი ბოლო პერიოდში სამხედრო პირების გააქტიურებას რევოლუციის სცენარისთვის შესაძლო მზადებას უკავშირებს.

„გულუბრყვილობაა ვიფიქროთ, რომ ამ კონკრეტულ კამპანიას აქვს მხოლოდ საარჩევნო მიზანი. დიდი გულუბრყვილობაა ვიფიქროთ, რომ ამის მიზანი მხოლოდ ის არის, რომ  პოლიციელთა და ჯარის დიდმა ნაწილმა ხმა არ მისცეს სალომე ზურაბიშვილს და მეტი ხმები წამოვიდეს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის მხარეს. რა თქმა უნდა, მთლიანობაში ეს არცთუ მცირე კონტინგენტია, მაგრამ შეიარაღებული ძალები რომ ავიღოთ, გლდანის რამდენიმე უბანი ელექტორალური თვალსაზრისით უფრო მეტია. ნუ გვეგონება, რომ ამას მათთვის მნიშვნელობა აქვს. ამას გაცილებით შორს მიმავალი მიზანი აქვს, ეს არის ფარული მზადება, რომელიც ახლა მიმდინარეობს ე.წ ახალი რევოლუციისათვის“,-განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, აღნიშნული კამპანია მიზნად ისახავს, რომ მასობრივი მღელვარების ესკალაციის ფონზე აქტიურად იქნას ჩართული ძალისმიერი კომპონენტები, რაც საბოლოოო ჯამში უნდა დასრულდეს ხელისუფლების პარალიზებით და შემდგომ შეცვლით.

ბათიაშვილი განმარტავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გააქტიურების შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა ძალოვანი უწყებებიდან აქვს. ის იმედს იტოვებს, რომ სახელმწიფო სტრუქტურები ამ პროცესებს თვალყურს ადევნებენ და შესაბამის პრევენციულ ღონისძიებებს გაატარებენ.

ირაკლი ბათიაშვილი მოუწოდებს სამოქალაქო საზოგადოებას და „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრებსაც, არ დაუშვან მოვლენების მსგავსი განვითარება.