ირაკლი აზაროვს „კრასნოდარში“ იწვევენ #1TVSPORT
ირაკლი აზაროვს „კრასნოდარში“ იწვევენ #1TVSPORT

ცნობილი ინსაიდერი ნობელ არუსტამიანი ირწმუნება, რომ რუსეთის პრემიელრიგის „კრასნოდარმა“ შეიძლება დაკარგოს ვიქტორ კლასონი და ეძებს დაცვისა და შეტევის ხაზების გაძლიერების ალტერნატივებს. კერძოდ, ისინი ირაკლი აზაროვით დაინტერესდნენ.

ინსაიდერის ცნობით, „კრასნოდარი“ დაინტერესებულია საქართველოს ნაკრებისა და ბათუმის „დინამოს“ 19 წლის ქართველი უნივერსალის, ირაკლი აზაროვის გადაბირებით.

არუსტამიანი მიიჩნევს, რომ „კრასნოდარი“ იმედოვნებს რუბინის ისტორიის გამეორებას, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი ზუსტად გამოიცნო. წელს ზაფხულში კი მოსკოვის „დინამომ“ კიდევ ერთი ქართველი, ლუკა გაგნიძე დაიმატა – აღსანიშნავია, რომ სამივე მათგანი „დინამო თბილისის“ აღზრდილია.

„ჩემი ინფორმაციით, „კრასნოდარი“, თვალყურს ადევნებს ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელს ირაკლი აზაროვს. „რუბინში“ ხვიჩი კვარაცხელიას წარმატების შემდეგ, რუსულ ბაზარს ქართველები იზიდავენ – სულ ცოტა ხნის წინ ლუკა გაგნიძე „დინამო თბილისიდან“ მოსკოვში გადავიდა (იქიდან კი იჯარით „ურალში“). შემდეგი შეიძლება 19 წლის აზაროვი იყოს”, – წერს არუსტამიანი თავის ტელეგრამ-არხზე.

ირაკლი აზაროვი „დინამო თბილისის“ აღზრდილია, მაგრამ 2021 წლის იანვარში ბათუმიდან „დინამოში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. მისი კონტრაქტი ბათუმელებთან ძალაში 2022 წლის 31 დეკემბრამდეა. პორტალი Transfermarkt-ი 19 წლის ქართველის ტრანსფერს 250 000 ევროდ აფასებს.

ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი ირაკლი აზაროვი „დინამო თბილისის“ აკადემიაში ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა, ბათუმის „დინამოში“ კი თავიდან მარცხენა მცველის პოზიციაზე იყენებდნენ. თუმცა, ბოლო დროს გია გეგუჩაძემ აზაროვი ძველ პოზიციაზეც გამოიყენა.