ირაკლი აზაროვმა ჩემპიონთა ლიგაზე პენალტი მოიპოვა - „შახტარმა“ „ბრესტი“ დაამარცხა #1TVSPORT
ირაკლი აზაროვმა ჩემპიონთა ლიგაზე პენალტი მოიპოვა - „შახტარმა“ „ბრესტი“ დაამარცხა #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მე-7 ტურში ირაკლი აზაროვის დონეცკის „შახტარმა“ ფრანგული „ბრესტი“ გელზენკირხენის „შალკე არენაზე“ 2:0 დაამარცხა და პლეი ოფში გასვლის თეორიული შანსი შეინარჩუნა.

საქართველოს ნაკრების მცველი, რომელსაც წინა 6 მატჩი არ უთამაშია, ამჯერად დონეცკელთა ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა. მან მწვრთნელის ნდობა გაამართლა. მოპოვებული პენალტის გარდა, მთელი შეხვედრა საიმედოდ და სასარგებლოდ ჩაატარა. მან თავის გუნდში მეორე საუკეთესო შეფასება მიიღო – 7.4 ქულა.

უკრაინელებმა პირველი ტაიმი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარეს და შესვენებამდე კომფორტული უპირატესობით დაწინაურდნენ. მე-18 წუთზე ანგარიში კევინმა გახსნა, ხოლო 37-ე წუთზე „ბრესტის“ მეკარესთან პირისპირ გასული აზაროვი წააქციეს. ფრანგების კარში დანიშნული პენალტი „შახტარის“ ლიდერმა, გეორგი სუდაკოვმა უნაკლოდ შეასრულა და გუნდი 2:0 დააწინაურა.

აზაროვმა მეორე ტაიმშიც გამოიჩინა თავი, როდესაც მისი გადაცემით მეკარესთან პირისპირ რეჯინალდო დარჩა, მაგრამ ამ შანსით ვერ ისარგებლა. დონეცკის „შახტარმა“ უპირატესობა შეინარჩუნა და ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე გამართული 7 ტურის შემდეგ 7 ქულა დააგროვა.

დონეცკელები პლეი ოფის ზონას ქულით ჩამორჩებიან. „შახტარი“ ბოლო ტურში 29 იანვარს დორტმუნდში „ბორუსიას“ ესტუმრება.