ირაკლი აზაროვის „შახტარმა“ ლატვიის ჩემპიონი დაამარცხა #1TVSPORT
ირაკლი აზაროვის „შახტარმა“ ლატვიის ჩემპიონი დაამარცხა #1TVSPORT

ირაკლი აზაროვის დონეცკის „შახტარმა“ თურქულ შეკრებაზე პირველი გამარჯვება იზეიმა – ლატვიის ჩემპიონი „რიგა“ დაამარცხა, 2:1.

უკრაინულმა გუნდმა თურქეთში პირველი ამხანაგური მატჩი გერმანიის მეოთხე დივიზიონის „სონენჰოფ გროსასპახთან“ მოულოდნელად 1:2 წააგო. დონეცკელებმა დამაჯერებლად ეს მატჩიც ვერ დაიწყეს, 39-ე წუთზე რიგელები რეჯინალდო რამირესის გამოყენებული პენალტით დაწინაურდნენ, შესვენების შემდეგ „შახტარის“ მწვრთნელმა შემადგენლობა შეცვალა და მოედანზე ირაკლი აზაროვი შეუშვა. 54-ე წუთზე ეგინალდომ წონასწორობა აღადგინა, ხოლო 61-ე წუთზე ეფიმ კონოპლიამ გამარჯვების გოლი გაიტანა. ბოლოს საუკეთესო მომენტი მარლონ გომესს ჰქონდა, რომელმაც აზაროვის ფლანგური გადაცემის შემდეგ თავით ბურთი ძელს მოარტყა.

შემდეგ შეხვედრას დონეცკის „შახტარი“ „დინამო თბილისთან“ გამართავს. მატჩი ანთალიაში 7 თებერვალსაა დაგეგმილი.