ირაკლი აზაროვი - ვიცი, რომ უკრაინაში საფრთხეა, მაგრამ „შახტარი“ ფეხბურთელების უსაფრთხოებაზე ზრუნავს #1TVSPORT
ირაკლი აზაროვს, რომელმაც 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა დონეცკის „შახტართან“, კლუბის პრესსამსახურმა ინტერვიუ ჩამოართვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა სერბული „ცრვენა ზვეზდადან“ წასვლის მოტივებსა და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„პირველი ვარჯიში უკვე მქონდა. ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა, „შახტარი“ ბრწყინვალე კლუბია. აქ თამაშობს ჩემი მეგობარი გიორგი გოჩოლეიშვილი, რომელსაც დიდი ხანია ვიცნობ. ასევე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შესაძლებლობა. „შახტარს“ დიდი ისტორია აქვს და განვითარების საშუალებას იძლევა. ყველაფერს გავაკეთებ, რათა გუნდთან ერთად წინსვლა გავაგრძელო.
ტრანსფერამდე გიორგი გოჩოლეიშვილმა დამირეკა და აქაურ ვითარებაზე მესაუბრა. ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და მეუღლეს ველაპარაკე, რის შემდეგაც გადაწყვეტილება მივიღე. ჩემთვის ცნობილია, რომ გუნდში ახალი მთავარი მწვრთნელი მოვიდა და, ჩემი აზრით, ძლიერი გუნდი გვეყოლება.
ვფიქრობ, ჩემი ყველაზე დიდი პლუსი არის ტექნიკა. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ მჭირდება ფიზიკური ფორმის გაუმჯობესება. აქ სწორედ იმისთვის ვარ, მსურს, ამ კუთხით უკეთესი გავხდე. გიორგი ადაპტაციის სწრაფად გავლაში დამეხმარება. უკვე 7-8 თვეა, რაც ის „შახტარშია“. 16-ნომრიანი მაისურით ვითამაშებ. თბილისის „დინამოში“ კარიერა სწორედ ამ ნომრით დავიწყე და უკრაინაშიც იმავე ნომრით გავაგრძელებ.
შემაშინა თუ არა აქ წამოსვლამ ომის გამო? გოჩოლეიშვილმა უკრაინაში არსებულ ვითარებაზე მიამბო და ვიცი, რომ არის საფრთხე. ადამიანებს არ აქვთ საშუალება, ნორმალურად იცხოვრონ, მაგრამ კლუბი თავისი ფეხბურთელების უსაფრთხოებაზე ზრუნავს. ცხადია, მხარს ვუჭერ უკრაინას და ყველაფერს გავაკეთებ „შახტარისთვის”, ჩემი ახალი ოჯახისთვის. დიდება გმირებს! დიდება უკრაინას!“ – ამბობს ირაკლი აზაროვი.