ირაკლი აზაროვი თბილისის „დინამოს“ წინააღმდეგ ითამაშებს - საქართველოს ჩემპიონმა შეკრება დაიწყო #1TVSPORT
ირაკლი აზაროვი თბილისის „დინამოს“ წინააღმდეგ ითამაშებს - საქართველოს ჩემპიონმა შეკრება დაიწყო #1TVSPORT

„დინამო თბილისმა“ თურქეთში შეკრება დაიწყო. გუნდი მზადების პირველ ეტაპზე რამდენიმე საკონტროლო მატჩს ჩაატარებს, მათ შორის სერბეთის ჩემპიონის, „ცრვენა ზვეზდას“ წინააღმდეგ, სადაც თბილისური კლუბის აღზდილი, საქართველოს ნაკრების მცველი ირაკლი აზაროვი თამაშობს.

„11 იანვრიდან „დინამო თბილისი“ ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს. დედაქალაქელები თურქულ ბელეკში შეკრებას ორ ეტაპად გაივლიან. მზადების პირველ ნაწილში, რომელიც 11-დან 22 იანვრის ჩათვლით გაიმართება, გუნდი 3 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

15 იანვარს „დინამო“ უკრაინული პრემიერლიგის „დნიპრო 1“-ს შეხვდება, 18 იანვარს მეტოქე ბულგარული პლოვდივის „ლოკომოტივი“ იქნება, ხოლო 22 იანვარს დინამოელები სერბეთის ჩემპიონს, „ცრვენა ზვეზდას“ ეთამაშებიან.

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი მზადების მეორე ნაწილს 26 იანვრიდან 10 თებერვლის ჩათვლით გააგრძელებს, ამხანაგურ მატჩებში მეტოქეთა ვინაობა კი ახლო მომავალში გახდება ცნობილი“, – წერია „დინამოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ჭიაბრიშვილმა თურქეთში 26 ფეხბურთელი წაიყვანა. ჯერჯერობით გუნდში ახალწვეული სერბი თავდამსხმელი ზორან მარუშიჩია. თურქეთში „დინამოს“ აკადემიის 5 აღზრდილი მოემზადება – 18 წლის არიან მეკარე მიხეილ მაქაცარია, მცველი ლუკა ლაცაბიძე და თავდამსხმელი ჯადული იობაშვილი, 16 წლის გაბრიელ სიგუა და 17 წლის ლუკა პარკაძე, რომელიც ზაფხულში მიუნხენის „ბაიერნში“ გადავა.

მეკარეები: დავით კერესელიძე, ლუკა კუტალაძე და მიხეილ მაქაცარია.

მცველები: ჯიმი ტაბიძე, საბა ხვადაგიანი, ნიკა მალი, ალექსანდრე კალანდაძე, ლუკა ლაცაბიძე, ნიკა უგრეხელიძე, დავით კობოური და გიორგი მაისურაძე.

ნახევარმცველები: ანზორ მექვაბიშვილი, ლევან ოსიყმაშვილი, გაბრიელ სიგუა, გიორგი მოისწრაფიშვილი, თორნიკე კირკიტაძე, უსმანე კამარა, ბარნს ოსეი, ულად-ომარ იმრანი, ლუკა პარკაძე, ვაგნერ გონსალვეში, ლაშა ოდიშარია.

თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე, სტანისლავ ბილენკი, ზორან მარუშიჩი, ჯადული იობაშვილი.