ირაკლი აზაროვი მიწვევას ელის - თუ კონკრეტული არაფერი იქნება, ბათუმის „დინამოსთან“ ერთად ევროტურნირის ჯგუფში მოხვედრა გამიხარდება #1TVSPORT
ირაკლი აზაროვი მიწვევას ელის - თუ კონკრეტული არაფერი იქნება, ბათუმის „დინამოსთან“ ერთად ევროტურნირის ჯგუფში მოხვედრა გამიხარდება #1TVSPORT

ირაკლი აზაროვმა საქართველოს პირველ არხთან კომენტარი გააკეთა ბოლო დროს მასზე გავრცელებულ ხმებზე. ინფორმაციების მიხედვით, ბათუმის „დინამოსა“ და საქართველოს ნაკრების 19 წლის მოთამაშით არაერთი კლუბი დაინტერესდა.

სეზონის ტრადიციულ დაჯილდოებაზე 2021 წლის სეზონის საუკეთესო მცველისა და წლის ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარებული 19 წლის ფეხბურთელის თქმით, ბათუმის „დინამოში“ დარჩენის საწინააღმდეგო არაფერი აქვს.

„სიმართლე გითხრათ, ჯერ არაფერი ვიცი, დღე-დღეზე ველოდები, კონკრეტული მიწვევა გამოჩნდება თუ არა. თუ რეალური არ იქნება, გამიხარდება, რომ ბათუმის „დინამოში“ კიდევ ერთი ფურცელი ჩავწეროთ და რომელიმე ევროტურნირის ჯგუფში მოვხვდეთ“, – განაცხადა ირაკლი აზაროვმა საქართველოს პირველ არხთან.

ბათუმის „დინამოსა“ და საქართველოს ნაკრების 19 წლის მოთამაშე წელს პირველად მიიწვიეს ეროვნულ გუნდში. მან „ჯვაროსნებში“ მიღებულ ემოციებზე ისაუბრა.

„პირველ რიგში მადლობა ბათუმის „დინამოს“, სადაც ნდობა გამომიცხადეს და თავის წარმოჩენის საშუალება მომცეს. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, ჩემს კარიერაში გამორჩეული სეზონი რომ მქონდა. საქართველოს ნაკრებში რომ გამომიძახეს, მეგონა ხუმრობდნენ, მერე კი ემოციას ვერ ვმალავდი. ვილი სანიოლმა პირველად რუმინეთთან მათამაშა. ერთმანეთს ყველაფერი კარგად დაემთხვა – ჩემი დებიუტი შედგა, ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით კი პირველი შეხვედრა მოვიგეთ“.

ირაკლი იმედოვნებს, რომ ქართველ გულშემატკივარს მისი თაობა დაკარგულ სიხარულს დაუბრუნებს.

„ძალიან ნიჭიერი თაობა მოდის, რომლის მსგავსიც დიდი ხანია არ გვყოლია. ვფიქრობ, თუ ახლა ვერ შევძელით, დიდი მიზნებისთვის მომავალში მაინც ვიბრძოლებთ, რადგან ძალიან ნიჭიერი ბიჭები წამოვიდნენ“.