იორელ ჰატო კარიერას ლონდონის „ჩელსის“ შემადგენლობაში გააგრძელებს #1TVSPORT
ლონდონის „ჩელსიმ“ მორიგი ტრანსფერი შეათანხმა. 19 წლის ნიდერლანდელი ცენტრალური მცველი იორელ ჰატო „აიაქსს“ ტოვებს და კარიერას ინგლისურ გრანდში განაგრძობს, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
სატრანსფერო სიახლეების ექსპერტის ცნობით, ამსტერდამელები ამ ტრანსფერის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს მიიღებენ. ჰატო „ჩელსისთან“ შვიდწლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომელიც 2032 წლის ზაფხულამდე იმოქმედებს. ახალგაზრდა ფეხბურთელის ლონდონში ჩასვლა უახლოეს დღეებში იგეგმება, რათა სამედიცინო შემოწმება გაიაროს და შეთანხმებას ოფიციალური სახე მიეცეს.
ცნობისთვის, იორელ ჰატო „აიაქსის“ აკადემიის აღზრდილია და გასულ სეზონში პირველ გუნდში 50 შეხვედრაში ითამაშა. მან სამი გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა.