იოჰანეს ჰანი - საქართველო არის კლასის საუკეთესო მოსწავლე და ასე უნდა გააგრძელოთ
იოჰანეს ჰანი - საქართველო არის კლასის საუკეთესო მოსწავლე და ასე უნდა გააგრძელოთ

მნიშვნელოვანია, საქართველომ გამოიყენოს ის შესაძლებლობები, რომლებსაც ქვეყანას ევროპა სთავაზობს და მათი მატერიალიზება მოახდინოს, – ამის შესახებ პირველ არხს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა განუცხადა.

ევროკომისრის განცხადებით, უკვე შეინიშნება პოზიტიური დინამიკა ევროპაში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდის მიმართულებით.

„ჩვენ გვაქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა ევროკავშირსა და საქართველოს შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე კონკრეტულ ნაბიჯებზე შევთანხმდით. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია მიღებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაცია. ფუნდამენტი უნდა ჩავუყაროთ შემდგომ დისკუსიებს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გამოიყენოს ის შესაძლებლობები, რომლებსაც ქვეყანას ევროპა სთავაზობს და მათი მატერიალიზება მოახდინოს. მაგალითად, გაიზარდოს ევროპაში ექსპორტი. უკვე ვხედავთ პოზიტიურ დინამიკას და ციფრებს, პროდუქციის ხარისხის გაზრდას. ძალიან ბევრი შესაძლებლობაა. საქართველომ ეს მოითხოვა, ვაწარმოეთ მოლაპარაკებები და მიიღო. ვნახოთ, რა იქნება კიდევ მომავალში. თქვენ ხართ კლასის საუკეთესო მოსწავლე და ასე უნდა გააგრძელოთ“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა პირველ არხთან საუბრისას.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ეს განცხადებები იოჰანეს ჰანმა ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომის შემდეგ გააკეთა. ევროკომისარი კომიტეტის წევრებს ბალკანეთის ქვეყნებისა და მათი ევროპული პერსპექტივის შესახებ ესაუბრა.

დატოვე კომენტარი