იოჰანა კონტა როლან გაროსის პირველი ნახევარფინალისტია
იოჰანა კონტა როლან გაროსის პირველი ნახევარფინალისტია

„დიდი სლემის“ რიგით მეორე ტურნირზე „როლან გაროსზე“ მეოთხედფინალური ეტაპი დაიწყო. ქალთა ბადეში პირველი მეოთხედფინალი ბრიტანელ იოჰანა კონტასა და ამერიკელ სლოან სტივენსს შორის შედგა.
ბუკმეიკერების ფავორიტი სტივენსი იყო, მაგრამ კონტამ ისე წარმართა მთელი შეხვედრა, რომ ამერიკელს შანსი არ დაუტოვა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ბრიტანელი პირველი მოწოდებისას, რომლის დროსაც მხოლოდ ხუთი ქულა წააგო. სწორედ ამიტომაც, სტივენსმა ერთადერთი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა და ვერ შეძლო მისი რეალიზება.

თავად კონტამ შვიდი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა. ეს შანსები სამ გეიმში განაწილდა და ბრიტანელმა სამივეს მოგება შეძლო – ორი პირველ სეტში და ერთი – მეორეში.

კონტა მესამედ ითამაშებს „დიდი სლემის“ ტურნირის ნახევარფინალში. მანამდე ის ავსტრალიასა (2016) და უიმბლდონზე (2017) იყო საუკეთესო ოთხეულში, მაგრამ ფინალამდე არასოდეს მოსულა. იოჰანა პირველი ბრიტანელი ქალი ჩოგბურთელია 1983 წლის შემდეგ, ვინც როლან გაროსის ნახევარფინალში გააღწია – ბოლოს ეს ჯო დიურიმ გააკეთა.

იოჰანას მეტოქე ნახევარფინალში ჩეხი მარკეტა ვონდროუშოვასა და ხორვატ პეტრა მარტიჩს შორის მოგებულს შეხვდება.