იოახიმ ლიოვმა, შესაძლოა, თურქეთის ეროვნული ნაკრები ჩაიბაროს #1TVSPORT
იოახიმ ლიოვმა, შესაძლოა, თურქეთის ეროვნული ნაკრები ჩაიბაროს #1TVSPORT

DHA-ის ინფორმაციით, თურქეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე იოახიმ ლიოვის კანდიდატურა განიხილება.

თურქეთის ნაკრებს აქამდე 60 წლის შტეფან კუნცი ავარჯიშებდა, რომელიც ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ გასულ კვირას გაათავისუფლა.

თურქეთის ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე კუნცის ხელმძღვანელობით ურიგოდ არ გამოიყურებოდა. გუნდს 10 ქულა აქვს და შესარჩევ D ჯგუფში მეორე ადგილზეა, ჩამორჩება მხოლოდ ხორვატიას, რომელსაც ასევე 10 ქულა დაუგროვდა, თუმცა ბურთების უკეთესი შეფარდება აქვს და ერთით ნაკლები ჩატარებული მატჩი.

რაც შეეხება იოახიმ ლიოვს, 63 წლის სპეციალისტმა გერმანიის ეროვნული ნაკრები გასული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დატოვა. ეს იყო ზედიზედ მეორე მუნდიალი, სადაც ლიოვის გაწვრთნილებმა ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლიეს. იგი „ბუნდესნაკრებში“ 2006 წლიდან მუშაობდა და 2014-ში მსოფლიო ჩემპიონატიც მოიგო.

გამოცემის ცნობით, ახალი მწვრთნელის დანიშვნას თურქეთის ფეხბურთის ფედერაცია მიმდინარე კვირაში აპირებს.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის ნაკრები, შესაძლოა, საქართველოს მეტოქე იყო ევროპის ჩემპიონატზე გამსვლელ პლეიოფში. ვილი სანიოლის გუნდის მსგავსად, თურქებმა ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფური ეტაპი მოიგეს და თუ სტანდარტული საკვალიფიკაციო ეტაპიდან კონტინენტის პირველობაზე ვერ მოხვდებიან, საუკეთესოთა შორის გასვლას სწორედ პლეიოფის გზით ეცდებიან.