ინტერვიუ | გიორგი შერმადინი - გული არ მიშვებდა, ნაკრებთან დამშვიდობება მეძნელებოდა, თანაგუნდელებთან საუბრის შემდეგ გადავწყვიტე, ნოემბერშიც ჩამოვიდე #1TVSPORT
ინტერვიუ | გიორგი შერმადინი - გული არ მიშვებდა, ნაკრებთან დამშვიდობება მეძნელებოდა, თანაგუნდელებთან საუბრის შემდეგ გადავწყვიტე, ნოემბერშიც ჩამოვიდე #1TVSPORT

ევრობასკეტზე კვიპროსთან მოგების შემდეგ კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ მედიასთან განაცხადა, რომ გიორგი შერმადინი საქართველოს ნაკრებს ნოემბერშიც დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ შერმადინი ნაკრებში, 20 წელია, თამაშობს და სანაკრებო კარიერის დასრულება ევრობასკეტის შემდეგ სურდა. ამის შესახებ პირველ არხთანაც განაცხადა. თუმცა ევრობასკეტის მსვლელობისას თანაგუნდელების რჩევა გაითვალისწინა და ნოემბერში ჩამოსვლა გადაწყვიტა.

ეს ნაბიჯი მხოლოდ იმ მიზნით არ არის გადადგმული, რომ გიორგი ქართველ გულშემატკივარს თბილისში დაემშვიდობოს. საქმე ის არის, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ისეთი ჯგუფი შეგვხვდა, მუნდიალის საგზურის მოპოვება რეალურია. ესპანეთი, საქართველო, უკრაინა და დანია. ამ ჯგუფში მაქსიმალურად უნდა მოვაგროვოთ ქულები, რომ მომდევნო ჯგუფში გადასვლისას მსოფლიო ჩემპიონატთან ახლოს ვიყოთ. ამ გზაზე უკრაინასთან მოგება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

– ვფიქრობდი, რომ ეროვნულ ნაკრებს დავმშვიდობებოდი, ამის შესახებ განცხადებაც გავაკეთე. თუმცა გული არ მიშვებდა,  გულის სიღრმეში მინდოდა ბოლო თამაში ახალ სპორტის სასახლეში, ჩვენი გულშემატკივრის წინაშე მეთამაშა.

ეს შანსი 27 ნოემბერსაა – მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უკრაინას ვუმასპინძლებთ და გუნდს აუცილებლად დავეხმარები. მადლობა, მინდა, ვუთხრა ჩემს თანაგუნდელებს, რომლებიც მხარში დამიდგნენ, მირჩიეს, რომ ნოემბერში ჩამოვსულიყავი.

იმედი მაქვს, 27 ნოემბერს სპორტის სასახლე გაივსება და ქომაგს გამარჯვებით დავემშვიდობები, ხოლო ნაკრებში ბოლო მატჩს 30 ნოემბერს ტენერიფეზე ჩავატარებ. ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოს სწორედ ჩემს ქალაქში, „ტენერიფეს“ არენაზე უმასპინძლებს.

– მანამდე, 4 აგვისტოს საქართველოს ნაკრები თავის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს გამართავს – ბოსნია-ჰერცეგოვინასთან…

– კარგად გვესმის მატჩის მნიშვნელობა. მოგებით გავალთ მომდევნო ეტაპზე და გავემგზავრებით რიგაში. სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი ევრობასკეტის დაწყების დღიდან. თვე-ნახევარია ერთად ვართ, ვიბრძვით, ვშრომობთ და იმედი მაქვს, ეს შრომა დაგვიფასდება.

– სათამაშო სტილით ბოსნია თითქოს საქართველოს ჰგავს…

– ჩვენ პირველ ტურში ფავორიტი ესპანეთი დავამარცხეთ, მეოთხე ტურში ბოსნიელებმა საბერძნეთს სძლიეს. რაც შეეხება სათამაშო სტილის მსგავსებას, მათაც კარგი ტანმაღალი კალათბურთელები ჰყავთ, ძალისმიერ კალათბურთს თამაშობენ და ისინიც მოსაგებად გამოვლენ. ამისთვის მზად უნდა დავხვდეთ – როგორც ესპანეთს ვითამაშეთ, სწორედ ისეთი დაცვა მოგვიტანს გამარჯვებას.