ინტერვიუ გიგა ჭიკაძესთან - ქართველი მებრძოლის პროგრესი და რეალური მიზეზი, თუ რატომ არ იბრძოლებს მაიკ დევისი 29 თებერვალს
ინტერვიუ გიგა ჭიკაძესთან - ქართველი მებრძოლის პროგრესი და რეალური მიზეზი, თუ რატომ არ იბრძოლებს მაიკ დევისი 29 თებერვალს

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე (8-2), რომელიც ქვემსუბუქ (featherweight) წონით დივიზიონში ასპარეზობს, შერეული ორთაბრძოლების უმაღლეს ლიგაში საკუთარი მეორე ბრძოლისთვის ემზადება. 31 წლის ქართველი სპორტსმენი 29 თებერვალს ნორფოლკში (ვირჯინია) ამერიკელ მაიკ დევისს (8-2) უნდა შეხვედროდა, თუმცა გაუგებარი მიზეზის გამო ჭიკაძის მეტოქე ბრძოლას ჯერჯერობით უცნობი ტრავმის გამო გამოეთიშა. გიგა აღნიშნული დაპირისპირებისთვის დაახლოებით 3 თვეა რაც ემზადება და შეიძლება ითქვას, რომ საუკეთესო ფორმაშია. პირველი არხი გიგას ლოს ანჯელესში დაუკავშირდა და რამდნეიმე შეკითხვა დაუსვა.

რა რეაქცია გქონდა როდესა გაიგე, რომ დევისი ბრძოლას გამოეთიშა? როგორც ვიცით ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ეს მებრძოლი შენთან დაპირისპირებაზე უარს ამბობს.

სიმართლე გითხრათ, არ გამიკვირდა, რომ ეს ბრძოლა გაუქმდა. მსგავსი ფაქტი ჩემსა და დევისს შორის ერთხელ უკვე მოხდა. სექტემბერში ჩემი სადებიუტო ბრძოლა სწორედ მასთან უნდა გამემართა, თუმცა გაუგებარი მიზეზის გამო უარი თქვა. მისი თქმით, ის ფსიქოლოგიურად არ იყო მზად იმ ბრძოლისთვის… ჩემი სადებიუტო ბრძოლის გამართვის შემდეგ კი მან ზუსტად ერთ კვირაში იბრძოლა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მას უბრალოდ არ უნდა ჩემთან ოქტაგონზე ასვლა. მეტსაც გეტყვით, დევისი ჩემს დარბაზში (Kings MMA) ნამყოფია დაახლოებით ორი წლის წინ. ჩვენ მაშინ ვისპარინგეთ და, სიმართლე გითხრათ, ვხვდები, თუ რატომ არ თანხმდება ახლა ჩემთან ბრძოლას. მის ადგილას მეც არ მექნებოდა სურვილი გიგა ჭიკაძესთან დაპირისპირების.

29 თებერვლის ბრძოლისთვის მოსამზადებელმა ეტაპმა როგორ ჩაიარა? რამდენი ხანია ემზადები და როგორ ფორმაში ხარ?


დააახლოებით სამი თვეა, რაც ამ ბრძოლისთვის ვემზადები. საახალწლოდ საქართველოში ჩამოსვლას ვგეგმავდი, თუმცა გადავიფიქრე, იმისათვის, რომ სრული კონცენტრაცია და მობილიზება 29 თებერვლის დაპირისპირებისთვის მიმემართა. სიმართლე გითხრათ, ასეთ მზადყოფნაში, შეიძლება ითქვას, რომ არასდროს ვყოფილვარ. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგ ფორმაში ვარ და ეს მომზადება ჩემს პერფორმანსზე აუცილებლად აისახება.

UFC-დან ხომ არ დაგიკავშირდნენ და დევისის ტრავმის დეტალები ხომ არ უთქვამთ შენთვის ? შემცვლელის ვინაობა როდის გახდება ცნობილი?

UFC დაუკავშირდა ჩემს მენეჯერ ალი აბდელ აზიზს. სიმართლე გითხრათ, დევისზე ბევრი არ გვისაუბრია, როდესაც შემატყობინეს, რომ ის ბრძოლას გამოეთიშა, მიზეზებს არ ჩავძიებივარ. გულის სიღრმეში ვხვდები, თუ რატომ არ დათანხმდა ის ამ დაპირისპირებას. ამჟამად UFC-ში დევისის შემცვლელს ეძებენ და დიდი ალბათობით უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი მისი ვინაობა.

გიგა და მისი თანაგუნდელი მარვინ ვეტორი

არის საშიშროება, რომ 29 თებერვალს შენი ბრძოლა საერთოდ არ შედგეს?

ამის საშიშროება შერეულ ორთაბრძოლებში ყოველთვის არსებობს, ყოფილა რომ მებრძოლს ტრავმა ბრძოლის დღეს ან წინა დღეებში მიუღია და დაპირისპირება აღარ გამართულა, თუმცა როგორც ვიცი ჩემს შემთხვევაში უკვე არის რამდენიმე კანდიდატი და ვფიქრობ მალე მისი ვინაობა ყველასთვის გახდება ცნობილი. მე მუდმივად ვინარჩუნებ ფორმას და ნებისმიერი მეტოქისთვის მზად ვარ.

წონის საკითხში როგორ გაქ საქმე ? დაკლებაზე თუ გიწევს დიდი ძალისხმევა და ბოლო 1 წლის მანძილზე როგორ ფიქრობ რა გაუმჯობესდა შენსარსენალში“?

დიდი ხანია უკვე დიეტაზე ვარ, ნოემბრის ბოლოდან დავიწყე წონის კლება. მოვახერხე, რომ ჩამოვსულიყავი ისეთ წონაზე, რომელზეც ჯერჯერობით შემიძლია დავრჩე. ვარ ჯანმრთელ კვებაზე. მყავს ძალიან კარგი იტალიელი დიეტოლიგი, რომელიც ბევრ ცნობილ მებრძოლთან მუშაობს. მოკლედ, რომ გითხრათ არ მიჭირს წონის კლება და ეს დისკომფორტს არ მიქმნის. ვფიქრობ, რომ ეს ჩემს პერფორმანსზე აუცილებლად აისახება. გარდა ამისა, გეტყვით, რომ გამიუმჯობესდა გამძლეობა, რაც შეიძლება ითქვას, რომ ჩემი სუსტი მხარე იყო. 2019 წლიდან ამ პრობლემის მოსაგვარებლად დავიწყე თანამშომლობა ახალ, ძალიან მაღალი დონის სპეციალისტთან. მასთან ერთად ვიმყოფებოდი ლას ვეგასში, UFC performance institute-ში, სადაც მოგვცეს დეტალური ახსნა იმისა, თუ კონკრეტულად რაზე უნდა გვემუშავა და გაგვეუმჯობესებინა. დღეისთვის ეს პრობლემა შემიძლია ვთქვა, რომ აღარ მაქვს.

როგორ ფიქრობ შენი კარიერიდან და ამჟამინდელი ფორმიდან გამომდინარე რა პერიოდი დაგჭირდება იმისათვის, რომ სატიტულო ბრძოლამდე მიხვიდე?

მე ვვარჯიშობ შერეული ორთაბრძლების ერთერთ ყველაზე გამოცდილ და ძლიერ დარბაზში (kings mma). ჩემს გვერდით პროფესიონალთა გუნდია და აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ზოგადად, როდესაც გინდა UFC-ში დიდ წაარმატებას მიაღწიო, აუცილებელია, რომ გამარჯვების რითმი შეინარჩუნო. მე სადებიუტო ბრძოლა მოვიგე და ამით ძალიან კმაყოფილი ვარ. გარდა ამისა წარსულში მე GLORY-ის ლიგაში ვიყავი წარმატებული კიკ ბოქსინგში და მსოფლიოს ჩემპიონის არაერთი ტიტული მაქვს მოპოვებული. ეს ყველაფერი მაძლევს საშუალებას, რომ რეიტინგში წინ წასვლის იმედი მქონდეს. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა აუცულებლად მივალ სატიტულო ბრძოლამდე და ქამრისთვის ვიბრძოლებ.

დატოვე კომენტარი