ინტერვიუ დუდა სანაძესთან - დაცვის სამსახურის დადანაშაულება სრული აბსურდია, გაშველებაში მთავარი როლი მათ ითამაშეს [ვიდეო] #1TVSPORT
ინტერვიუ დუდა სანაძესთან - დაცვის სამსახურის დადანაშაულება სრული აბსურდია, გაშველებაში მთავარი როლი მათ ითამაშეს [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მოთამაშემ, დუდა სანაძემ კომენტარი გააკეთა თბილისში მიმდინარე ევრობასკეტზე თურქეთთან მატჩის შემდეგ მეტოქის კალათბურთელ ფურქან ქორქმაზთან მომხდარ ინციდენტზე.

მატჩის მიმდინარეობისას სანაძესა და ქორქმაზს სიტყვიერი შეურაცხყოფისა და სიტუაციის დაძაბვისთვის დისკვალიფიკაცია მისცეს. ამას მატჩის შემდეგ გაგრძელება გასახდელთან მოჰყვა.

ქორქმაზმა eurohoops.net-ზე განაცხადა, რომ მას და მის თანაგუნდელებს თამაშის შემდეგ „თავს 5 ადამიანი დაესხა“ და მომხდარში სანაძის გარდა, „თბილისი არენას” დაცვის თანამშრომლები დაადანაშაულა.

დუდა სანაძემ ქართულ მედიასთან საუბარში თურქული მხარის გავრცელებულ ვერსია კატეგორიულად უარყო:

– მოხდა ისეთი ინციდენტი, რის გამოც ძალიან ვწუხვარ. მსაჯის მოქმედებაზე გავბრაზდი და იმას ვუკეთებდი კომენტარს, ქორქზმას რომ ჩავუარე – ძალიან ცუდი ჯარიმა დაგიდეს-მეთქი. არ ვიცი, იმან რა გაიგო, მაგრამ ახლოს რომ მოვიდა, აირია ვითარება.

მერე რაც მოხდა, ყველამ იცით. საქართველოში ვართ და ამ ამბის გაგრძელებას არ ვაპირებდით. მაგრამ ისეთი მოხდა… ისეთი ხელების ქნევა და გარეთ გამოდის ძახილი იყო, ქართველები ვართ, საკუთარ ქვეყანაში ვთამაშობთ და სიამაყე გვაქვს. არც იმან დაიხია და არც ჩვენ. ვფიქრობ, მისი ემოციებიც გადაჭარბებული იყო და ჩვენიც და ეს არ უნდა მომხდარიყო. არასასიამოვნო ფაქტია. ეს კალათბურთია, მეგობარი ქვეყნები ვართ და იმასაც უნდა აერიდებინა თავი და მეც.

– მართალია, რომ ქორქზმაზი საქართველოს ნაკრების გასახდელთან თავად მოვიდა?

– როდესაც გასახდელთან გამოიარეს, იყო ხელების ქნევა, რაც დაახლოებით ისე ჟღერდა, რომ აი, გამოვედი გარეთ და აბა, რას იზამთო.

– ანუ შეურაცხყოფას გაყენებდათ?

– მოედანზე მითხრა, რომ გასახდელში დავილაპარაკოთო და მივედით. დალაპარაკებას ვაპირებდით, რომ ყველაფერი მოგვეგვარებინა. მაგრამ, ვითარება დაიძაბა და შელაპარაკება მოხდა.

ქორქმაზმა მომხდარში თქვენს გარდა, „თბილისი არენას“ დაცვის თანამშრომლები დაადანაშაულა, ვითომ, სულ „თავს 5 ადამიანი დაესხა“.

– რაც თურქულმა მედიამ დაწერა და მათმა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა თქვა მომხდარში დაცვის მონაწილეობაზე, სიმართლეს არ შეეფერება. დაცვის სამსახურის დადანაშაულება სრული აბსურდია. გაშველებაში მთავარი როლი სწორედ დაცვამ ითამაშა და მადლობა მათ, უფრო დიდი არეულობა რომ არ მოხდა, თორემ ორივე მხარე ემოციებში ვიყავით.

– ამ ინციდენტის შემდეგ რა გადაწყვეტილებას ელოდებით?

– ეს მალე უნდა მოხდეს და თამაშამდე გვეცოდინება.

– ბულგარეთთან და მონტენეგროსთან მნიშვნელოვანი მატჩები გველის და საინტერესოა, რა მოლოდინები გაქვთ.

– ჩვენთვის ახლა ყველა თამაში ფინალის ტოლფასია და წაგების უფლება არ გვაქვს. ჩვენი უშუალო კონკურენტი მაინც მონტენეგროა და მასთან გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლას გავინაღდებთ.