ინტერვიუ აჩიკო არველაძესთან - „კორეა კარგი გუნდია, დანიასთან უკეთ უნდა ვითამაშოთ“
ინტერვიუ აჩიკო არველაძესთან - „კორეა კარგი გუნდია, დანიასთან უკეთ უნდა ვითამაშოთ“
13 მატჩი: 11 მოგება, 2 ფრე – ასეთია შოთა არველაძის გაწვრთნილი გუნდის, ტაშკენტის „ფახტაკორის“ შედეგი უზბეკეთის სუპერ ლიგაში, რომლის შედეგადაც გუნდი პირველ წრის ჩემპიონი გახდა.
ახლა უზბეკეთის საფეხბურთო ჩემპიონატში პაუზაა, აჩიკო არველაძე, რომელიც „ფახტაკორის“ სპორტული დირექტორია, თბილისში იმყოფება და საქართველოს პირველმა არხმა მას ინტერვიუ ჩამოართვა:
– „ფახტაკორი“ ბოლო ქვეყნის ჩემპიონი 2015 წელს გახდა. უზბეკეთი საფეხბურთო ქვეყანაა, ჩემპიონატში გამარჯვება კი იოლი არაა. წელს კი ჩვენ დიდი უპირატესობით ვლიდერობთ – მეორეადგილოსანს 15 ქულით ვუსწრებთ და იმედია, ჩემპიონები გავხდებით. ამას გარდა, თასის მოპოვებაც გვინდა. იმედია, სეზონს წარმატებით დავასრულებთ და აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშებთ.
– აზიის ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების რა შანსი გაქვთ?
– შანსი არის, რადგან გუნდი შეთამაშდა და გაძლიერდა. წელს ძალიან უიღბლოდ ვითამაშეთ – შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ქულა დაგვაკლდა. იმედია, წელს უკეთესად ვითამაშებთ.
– როგორია უზბეკური გუნდების ფინანსური მდგომარეობა?
– გუნდების 80 პროცენტის ბიუჯეტი 4-5 მილიონი დოლარის ფარგლებში მერყეობს. მათ უმრავლესობას სახელმწიფო აფინანსებს, კერძო კლუბი კი მხოლოდ „ფახტაკორია“, რომლის ბიუჯეტიც დააახლოებით 8 მილიონამდეა.
– მეორე წელია, უზბკეთში მუშაობთ. სხვა ქვეყნებში მიწვევები არ გქონიათ?
– იყო მიწვევები თურქეთსა და ორ ევროპულ ქვეყანაში. მაგრამ შუა გზაში გუნდის მიტოვება არასწორი იქნება. ცუდი ისაა, უზბეკეთში სეზონი რომ მთავრდება, ევროპაში მაშინ მხოლოდ პირველი ნახევარი სრულდება და ეს გარკვეულ უხერხულობას ქმნის. მწვრთნელებს სეზონსი დაწყებამდე ელაპარაკებიან, შუა სეზონში კი გუნდში მისვლა გაუმართლებელია.
– „ფახტაკორში“ სამი ქართველი მწვრთნელი მუშაობთ, მაგრამ ქართველი ფეხბურთელი არ გყავთ – რატომ?
– აზიაში არის პერსპექტივა, რომ ჩინეთს, კორეის, იაპონიისა და არაბული ქვეყნების კლუბებმა შეგნიშონ, სადაც ძალიან კარგი პირობებია. მაგრამ საფეხბურეთო პერსპექტივის გამო, ახალგაზრდა ქართველები ავსტრიაში, შვეიცარიაში, ბელგიაში, შვედეთში, ჰოლანდიაში უფრო დაბალ პირობებს თანხმდებიან და მათი კარგად მესმის. მაგალითად, პაპუნაშვილის მიმართ ინტერესი გვქონდა, მაგრამ ესპანეთში იწვევდნენ და როგორ გვეთქვა, არ წახვიდეო? ახალგაზრდა კაცისთვის ევროპაში თამაში ბევრად უკეთესია.
სამწუხარო ისაა, რომ უზბეკეთი უეფაში გაწევრიანებული არაა, თორემ ყაზახეთსა და აზერბაიჯანზე არანაკლები გუნდები ეყოლება. ახალგაზრდა ფეხბურთელები კი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ისეთივე პერსპექტივას ვერ ხედავენ, როგორც ევროპულ საკლუბო ტურირებზე. გამოცდილი ქართველი რომ მიიყვანო, ის ადგილობრივს ბევრად უნდა სჯობდეს და ვფრთხილობთ.
– არველაძეების საფეხბურთო კარიერას ნაკრებში ვატო არველაძე აგრძელებს.
– ეს ამბავი ძალიან მახარებს. ახლა კორეასთან შეხვედრას გამოტოვებს, მაგრამ იმედია, ეროვნულ ნაკრებს შემდეგ ოფიციალურ შეხვედრებში დაუბრუნდება.
– ეროვნული ნაკრების მოახლოებულ თამაშებზე რას იტყვი?
– კორეა ფიფას რეიტინგში 37-ე ადგილზეა, კარგად ორგანიზებული გუნდია, რომელიც ძალიან სწრაფად თამაშობს. ჰყავთ ლეგიონერები, რომლებიც მაღალი დონის კლუბებში გამოდიან.
– 8 სექტემბერს კი დანიასთან ოფიციალური მატჩი გველის.
– მიმაჩნია, რომ კოპენჰაგენში პირველი შეხვედრა არადექვატური ანგარიშით წავაგეთ. დანიელებმა გავჯობეს და ამაზე ორი აზრი არაა. მაგრამ მსაჯმაც ნაგატიური როლი ითამაშა. ჩვენს კარში ისეთი პენალტი დადო, როგორიც არ ინიშნება. იქით კი დასადები არ შეამჩნია. საერთოდ, თავიდანვე ჩვენს მოთამაშეებს ისეთი ყვითელი ბარათები აჩვენა, ამით, ფაქტობრივად, გუნდი გააჩერა – ორთაბრძოლაში თუ არ შეხვედი, წინააღმდეგობა როგორ უნდა გაუწიო? 8 სექტემბერს თბილისში ვთამაშობთ და იმედია, სახლში გაცილებით უკეთ ვითამაშებთ.