ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია ლიონელ მესის მოქმედება ლიგების თასის ფინალში გატანილ გოლამდე ერთი წუთით ადრე [ვიდეო] #1TVSPORT
კვირას „ინტერ მაიამიმ“ თავის ისტორიაში პირველი ტიტული მოიგო, რაც ლიონელ მესის წყალობით მოხდა, რომელმაც ლიგების თასზე შვიდი მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.
არგენტინელმა მე-10 გოლი „ნეშვილის“ წინააღმდეგ ფინალში გაიტანა, რომელიც „ინტერ მაიამიმ“ საბოლოოდ პენალტების სერიაში მოიგო.
მოგვიანებით, ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია მესის მოქმედება თავის გოლამდე ერთი წუთით ადრე.
მესი, რომელსაც ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ სირბილი არ სურს, ისევ დასეირნობდა მოედანზე იმ დროს, როცა ორივე გუნდის მოთამაშეები მის გარშემო დარბოდნენ. არგენტინელი მშვიდად დააბიჯებდა მინდორზე, აფასებდა სიტუაციას და პერიოდულად ჩერდებოდა, ოღონდ ზუსტად იმ მომენტამდე, სანამ მან გოლის შანსი არ დაინახა.
როგორც კი მესიმ საჭირო მომენტი შეამჩნია, მაშინვე კარისკენ გაიქცა და ანიშნა თავის პარტნიორებს საით უნდა დაერტყათ. როგორც კი ბურთი არგენტინელის ფეხებში აღმოჩნდა, მან მაშინვე დაარტყა და ანგარიში გახსნა.