„ინტერის“ მთავარი მწვრთნელი სიმონე ინძაგი - ფეხბურთელებს სრული კონცენტრაციისკენ მოვუწოდე #1TVSPORT
მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„ჩემმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში კიდევ ერთხელ გააღწია, თუმცა ამჯერად უფრო გამოცდილები ვართ, ვიდრე ორი წლის წინ. ფინალისკენ მიმავალი გზა განსხვავებული იყო. ვეცადეთ, რომ დეტალებზე ვკონცენტრირებულიყავით. ბიჭები მზად არიან. სეზონის განმავლობაში 59 მატჩიდან მხოლოდ სამჯერ მყავდა სრული შემადგენლობა ხელმისაწვდომი და ახლა, საბედნიეროდ, ასეა.
ფსიქოლოგია უმნიშვნელოვანესია. რთული მომენტები გავიარეთ და იმედგაცრუებები გვერდით გადავდეთ. ახლა ყველა ფეხბურთელი კარგადაა და მოტივაციაც მაქსიმალურია.
მწვრთნელი ყოველთვის ცდილობს, მატჩი თავის გონებაში განავითაროს, თუმცა რეალობა ხშირად განსხვავებულია. პსჟ ბურთის ფლობის მაჩვენებლით ევროპაში პირველ ადგილზეა, იტალიაში კი ამ კომპონენტში ჩვენ ვიყავით გამორჩეულები. ტექნიკურად დახვეწილი თამაში გვჭირდება. ჩვენთვის უკეთესი იქნება, თუ ბურთს გავაკონტროლებთ.
ფეხბურთელებს სრული კონცენტრაციისკენ მოვუწოდე, მათი გონება თავისუფალი უნდა იყოს. ჩვენ ვიცით, როგორ მოვემზადოთ ასეთი დონის მატჩებისთვის. ჩვენს გუნდში არიან როგორც ევროპის, ისე სამხრეთ ამერიკის და მსოფლიოს ჩემპიონები. ასეთი მატჩების ბედს ხშირად მცირე ეპიზოდები წყვეტს და უნდა ვეცადოთ, ისინი ჩვენ სასარგებლოდ შევაბრუნოთ“, — აღნიშნა სიმონე ინძაგიმ.
„ინტერისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ შეხვედრა 31 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.