„ინტერის“ კაპიტანი ლაუტარო მარტინესი ტრავმის გამო დაახლოებით ერთი თვე ვერ ითამაშებს #1TVSPORT
მილანის „ინტერის“ არგენტინელმა თავდამსხმელმა, ლაუტარო მარტინესმა ტრავმა მიიღო და გუნდს რამდენიმე კვირით გამოაკლდა, – ინფორმაციას იტალიური Sky Sport-ი ავრცელებს.
29 წლის ფეხბურთელს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელმაც მარცხენა ბარძაყის უკანა ჯგუფის კუნთების დაზიანება გამოავლინა. ტრავმა „ინტერმაც“ დაადასტურა, თუმცა ფეხბურთელის დაბრუნების ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია.
Sky Sport-ის ცნობით, მარტინესი მოედანზე დაბრუნებას, სავარაუდოდ, ნოემბრის სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ შეძლებს. შესაბამისად, არგენტინელი „ინტერს“ ჩემპიონთა ლიგის – ორ და იტალიის ჩემპიონატის ხუთ შეხვედრაში ვერ დაეხმარება.
მოსალოდნელია, რომ „ინტერის“ კაპიტანი მოედანს 22 ნოემბერს „ატალანტასთან“ მატჩში დაუბრუნდება.