„რეალის“ ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი, რომელიც დატოვებს მადრიდულ კლუბს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, არ აპირებს კარიერის დამთავრებას და მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე თამაშს გეგმავს.
როგორც გაზეთი AS-ი იტყობინება, მოდრიჩს MLS-ის კლუბებისგან აქვს შეთავაზება და იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება, კარიერის გაგრძელების ასეთი ვარიანტი შეიძლება აინტერესებდეს 39 წლის ხორვატს.
ამასობაში, გამოცემა Fichajes-ი წერს, რომ მოდრიჩი მზად არის, ევროპაში გააგრძელოს თამაში და, ჭორების მიხედვით, მილანის „ინტერი“ მზად არის, ვეტერანს წინადადებით მიმართოს.
აღნიშნავენ, რომ იტალიური კლუბი არ აპირებს ამ მიმართულებით გააქტიურებას იქამდე, სანამ 31 მაისს არ გაიმართება ჩემპიონთა ლიგის ფინალი „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ. გარდა ამისა, მოდრიჩი ივნის-ივლისში დაკავებული იქნება კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე, ასე რომ, მოლაპარაკებები შეიძლება მხოლოდ ივლისში დაიწყოს.