„ინტერი“ „კორიერე დელო სპორტს“ უჩივის
„ინტერი“ „კორიერე დელო სპორტს“ უჩივის

მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აპირებს სასამართლოში უჩივლოს გაზეთ „კორიერე დელო სპორტს“. მიზეზი გახდა ერთ-ერთი გულშემატკივრის წერილის გამოქვეყნება, რომელშიც კონტე და „ინტერი“ ზედმეტად მკაცრად და უხეში ფორმით არიან გაკრიტიკებულნი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩენის გამო.

„ყველა საკითხით დაკავებულია იურისტი. ეს არა ჩემი, არამედ კლუბის ინიციატივაა, რომელმაც ეს ყველაფერი საკუთარ თავზე მიიღო. ეს ნაბიჯი ყველასთვის მაგალითი უნდა გახდეს. აუცილებელია გარკვეული ჩარჩოების დაცვა.

პრესას ზედმეტი მოსდის. ისინი აქვეყნებენ რასისტულ გარეკანს, რომელიც მთელი მსოფლიოს დასაცინს გვხდის. უნდა არსებობდეს გარკვეული შეზღუდვები. არ შეიძლება ყველაფერზე წერა, რაც ენაზე მოგვადგება“, – თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, „კორიერე დელო სპორტი“ რასიზმის გამოვლინებაში დაადანაშაულეს მას შემდეგ, რაც „ინტერი“-„რომას“ მატჩის წინ, პირველ გვერდზე დაიბეჭდა რომელუ ლუკაკუსა და კრის სმოლინგის ფოტოები სათაურით – „შავი პარასკევი“.