„ინტერი“ ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალისტია [ვიდეო] #1TVSPORT
„ინტერი“ ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალისტია [ვიდეო] #1TVSPORT

მილანის „ინტერი“ ჩემპიონთა ლიგის 2022-23 წლების გათამაშების პირველი ფინალისტი გახდა. მან ნახევარფინალის მეორე მატჩიც მოუგო „მილანს“ – 1:0 და ორი შეხვედრის ჯამში 3:0 გაიმარჯვა. მეორე მატჩში ერთადერთი გოლი ლაუტარო მარტინესმა 74-ე წუთზე მეკარე მაიკ მენიანის შეცდომის შემდეგ გაიტანა.

„მილანს“ პირველ ტაიმში რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ მეორე ტაიმში „ინტერმა“ მეტოქეს არაფრის საშუალება არ მისცა. თუ „მილანს“ პირველ ტაიმში გოლის მოლოდინის ინდექსი (xG) 0.45 ჰქონდა, მეორე ნახევარში ეს მაჩვენებელი 0.09-მდე დავიდა. სტუმრებმა მეორე ტაიმში მხოლოდ ერთხელ დაარტყეს და ისიც არაზუსტად. საბოლოოდ, ნახევარფინალური ეტაპის ორ მატჩში „მილანს“, ჯამში, ორი ზუსტი დარტყმა ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ ამ სეზონში „ინტერმა“ ზედიზედ მეოთხედ მოიგო მილანური დერბი, ბურთების შეფარდებით – 7:0.

„ინტერი“ 2010 წლის შემდეგ პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. სულ კი ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის/ჩემპიონთა თასის ფინალში მეექვსედ ითამაშებს. წინა ხუთი ფინალიდან მან სამი მოიგო და ორი წააგო.

ინტერი-მილანი  1:0

გოლი: 1:0 მარტინესი (74)

ინტერი: ონანა, დუმფრიზი, დარმიანი, აჩერბი, ბასტონი, დიმარკო (66. გოზენსი), მხითარიანი (44. ბროზოვიჩი), ჩალჰანოგლუ, ბარელა (84. გალიარდინი), ჯეკო (66. ლუკაკუ), ლ.მარტინესი (84. კორეა).

მილანი: მენიანი, კალაბრია, ტომორი, ტიავი (64. კალულუ), ტ. ერნანდესი, კრუნიჩი, ბრაიმ დიასი (76. ორიგი), ტონალი, რაფაელ ლეაო, ჟუნიორ მესიასი (76. სალემაკერსი), ჟირუ.