„ინტერი“ 10 წლის შემდეგ, ევროთასების ფინალში დაბრუნდა - ევროპის ლიგის ნახევარფინალის საინტერესო ფაქტები
„ინტერი“ 10 წლის შემდეგ, ევროთასების ფინალში დაბრუნდა - ევროპის ლიგის ნახევარფინალის საინტერესო ფაქტები

„ინტერმა“ ევროპის ლიგის ნახევარფინალში 5:0 გაანადგურა „შახტარი“ და ფინალში „სევილიას“ დაუპირისპირდება. მილანურმა კლუბმა და მისმა ფორვარდებმა ბევრი საინტერესო რეკორდი დაამყარეს:

 

* რომელუ ლუკაკუმ „ინტერის“ შემადგენლობაში 50-ე მატჩი ჩაატარა და რეკორდი დაამყარა: ევროპის ლიგაზე ზედიზედ მეათე მატჩში გაიტანა. ამ 10 შეხვედრაში ბელგიელის სტატისტიკაა – 14 გოლი და ოთხი შედეგიანი გადაცემა.

* ანგარიშში ასეთი დიდი სხვაობა უეფას თასის/ევროპის ლიგის ნახევარფინალებში ჯერ არ ყოფილა.

* ეს არის ევროთასების პირველი ფინალი ანტონიო კონტესთვის. მანამდე იტალიელი მწვრთნელის საუკეთესო მიღწევა იყო ნახევარფინალი ევროპის ლიგაზე 2013-14 წლების სეზონში – მაშინ მისმა „იუვენტუსმა“ „ბენფიკასთან“ წააგო.

* იტალიური კლუბები 21 წელია ვერ გადიოდნენ უეფას თასის/ევროპის ლიგის ფინალში. ბოლო აპენინური კლუბი, რომელმაც ეს შეძლო, იყო „პარმა“ 1999 წელს.

* „ინტერი“ პირველად გავიდა ევროთასების ფინალში 2010 წლის შემდეგ. გუნდმა ბოლოს ფინალში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა და „ბაიერნი“ დაამარცხა – 2:0.

* ლაუტარო მარტინესი და ლუკაკუ ბოლო 15 წელიწადში „ინტერის“ ფორვარდების პირველი წყვილია, რომლებმაც სეზონში 20-ზე მეტი გოლი გაიტანეს (თითოეულმა). ბოლო ასეთი წყვილი მილანურ გუნდში ობაფემი მარტინსი და ადრიანო იყვნენ.

* ლეგენდარულმა ბრაზილიელმა რონალდომ „ინტერში“ სადებიუტო სეზონში 34 გოლი გაიტანა – ბოლო გოლი სწორედ უეფას თასის ფინალზე მოვიდა. ახლა ლუკაკუს 33 გოლი აქვს და წინ მასაც ერთი მატჩი – ფინალი ელოდება.

* „ინტერმა“ სეზონში 111 გოლი გაიტანა, რაც კლუბისთვის საუკეთესო მაჩვენებელია 90 წლის განმავლობაში.

* „ინტერმა“ 25 გოლი გაიტანა სეზონში თავური დარტყმებით, რაც TOP5 ქვეყნების ჩემპიონატებში საუკეთესო შედეგია. „აინტრახტი“ მეორე ადგილზეა (24), „ლივერპული” მესამეზე (23).

* „ინტერი“ მეხუთედ გავიდა უეფასა თასის/ევროპის ლიგის ფინალში. უფრო მეტი ფინალი ამ ტურნირზე „სევილიას“ აქვს. გადამწყვეტ მატჩში სწორედ ეს გუნდები შეხვდებიან ერთმანეთს.