ამერიკის ლიგის თასის ნახევარფინალში ლიონელ მესის გუნდმა, „ინტერ მაიამიმ“ „ორლანდო“ 3:1 დაამარცხა და ფინალში გავიდა.
ანგარიში „ორლანდოს“ ხორვატმა ფეხბურთელმა, პაშალიჩმა გახსნა და გუნდი 75-ე წუთამდე წინ იყო. თუმცა შეხვედრის ბედი ბოლო მეოთხედში გადაწყდა – დავიდ ბრეკალომ საჯარიმოში მეტოქე წააქცია, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა.
თერთმეტმეტრიანი ზუსტად ლიონელ მესიმ შეასრულა, ხოლო რამდენიმე წუთში ხორდი ალბას პასით ისევ არგენტინელმა გაიტანა და „ინტერი“ დააწინაურა. საბოლოო ანგარიში დამატებულ დროში ტელასკო სეგოვიამ დააფიქსირა.
მეორე ნახევარფინალში „სიეტლმა“ ლოს ანჯელესის „გალაქსის“ 2:0 სძლია.
ფინალური დაპირისპირება „ინტერსა“ და „სიეტლს“ შორის 31 აგვისტოს გაიმართება. შეგახსენებთ, მესიმ აშშ-ში გადასვლის შემდეგ გუნდთან ერთად უკვე ორი ტიტული მოიგო.