ინიესტას „ესტუდიანტესი“ ეპატიჟება
ინიესტას „ესტუდიანტესი“ ეპატიჟება

„ბარსელონას“ ყოფილი კაპიტანი ანდრეს ინიესტა შესაძლოა, არგენტინულ „ესტუდიანტესში“ ვიხილოთ. როგორც sport.es იუწყება, ლეგენდარული ფეხბურთელი „ესტუდიანტესთან“ უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას.

არგენტინაში ინიესტას „ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელი გაბრიელ მილიტო ეპატიჟება, რომელიც „ესტუდიანტესის“ მთავარი მწვრთნელია.

ადრე, არგენტინულ კლუბში „ბარსელონას“ ასევე ყოფილი მოთამაშე ხავიერ მასკერანო გადაბარგდა.

შეგახსენებთ, რომ ანდრეს ინიესტამ კატალონიური გრანდი 2018 წელს დატოვა და იაპონურ „ვისელ კობეში“ გადავიდა. ინიესტამ „ბარსელონაში“ 22 წელი გაატარა და მთელი ეპოქა შექმნა.

ინიესტა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენია. მას კარიერის განმავლობაში სხვადასხვა ტურნირზე 35 ტიტული აქვს მოპოვებული. „ბარსელონასთან“ ერთად მოიგო ესპანეთის ლა ლიგა, ესპანეთის თასი, ესპანეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფა-ს სუპერთასი, ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.

ესპანეთის ნაკრებთან ერთად ანდრეს ინიესტამ ევროპის ჩემპიონობა ორჯერ იზეიმა და ერთხელ მსოფლიო ჩემპიონატის თასს დაეუფლა.