ბილბაოს „ატლეტიკის“ თავდამსხმელმა ინიაკი უილიამსმა გუნდთან ცხრაწლიანი კონტრაქტი გააფორმა. 25 წლის უილიამსი ბასკურ კლუბში 2028 წლამდე დარჩება და მის კონტრაქტში გამოსყიდვის თანხად 135 მილიონი ევროა მითითებული.
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი კონტრაქტი ფეხბურთის ისტორიაში და მხოლოდ ერთი წლით ჩამორჩება სარეკორდო ათწლიან შეთანხმებას, რომელიც „რეალ ბეტისმა“ 1998 წელს ბრაზილიელ დენილსონს გაუფორმა.
„იმედია, წინ დიდი ამბები გველის, რადგან მინდა, რომ ეს კლუბი უფრო სახელოვანი გავხადო“, – განაცხადა უილიამსმა, – „როგორც ხედავთ, ეს ჩემი სახლია და ყველაფერი, რაც მსურს, აქ მაქვს. ამ კლუბმა ყველაფერი მომცა და მეც ყველაფერი უნდა დავუბრუნო“.
წარმოშობით განელი და ბილბაოში დაბადებული ინიაკი უილიამსი 2014 წლიდან თამაშობს „ატლეტიკში“ და წელს, სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, ვრცელდებოდა ინფორმაცია მისი „მანჩესტერ იუნაიტედში“ შესაძლო გადასვლის თაობაზე.