ინგლისური გუნდების ისტორიული შედეგი ევროტურნირებზე
ინგლისური გუნდების ისტორიული შედეგი ევროტურნირებზე

ინგლისურმა კლუბებმა მიმდინარე სეზონში ისტორიულ შედეგს მიაღწიეს, როდესაც ორი ევროპული ტურნირის ფინალში ოთხივე ადგილი დაიკავეს.

29 მაისს, ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე, ევროპა ლიგის ფინალში ერთმანეთს ჩელსი და არსენალი დაუპირისპირდებიან, 1 ივნისს კი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს ლივერპული და ტოტენჰემი მადრიდის ვანდა მეტროპოლიტანოზე გაარკვევენ.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ორი ევროპული ტურნირის ფინალში ერთი და იმავე ქვეყნის გუნდები გავიდნენ.

გასულ წლებში მხოლოდ ორი ინგლისური ფინალი გვახსოვს: 1971-72 წლების სეზონში, უეფას თასის გადამწყვეტ მატჩში, ტოტენჰემმა ვულვერჰემპტონი დაამარცხა, 2007-08 წლებში კი მანჩესტერ იუნაიტედმა ჩელსის მოუგო და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

აქამდე საუკეთესო შედეგი ერთი ქვეყნის მიერ 2015-16 წლების სეზონში იყო დაფიქსირებული, როდესაც ორი ევროპული ტურნირის ფინალებში სამი ესპანური გუნდი გავიდა: ჩემპიონთა ლიგაზე რეალ მადრიდმა თანაქალაქელი ატლეტიკო დაამარცხა, ევროპა ლიგაზე კი უნაი ემერის სევილიამ ლივერპულს აჯობა.