ინგლისური გამოცემა – ქართველი ვუნდერკინდის, ვახტანგ სალიას შეძენით ევროპული გრანდები დაინტერესდნენ #1TVSPORT
ინგლისური გამოცემა – ქართველი ვუნდერკინდის, ვახტანგ სალიას შეძენით ევროპული გრანდები დაინტერესდნენ #1TVSPORT

ინგლისური გამოცემის, hitc-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, „არსენალი“ და „მანჩესტერ სიტი“ „დინამო თბილისის“ 16 წლის ვუნდერკინდის, ვახტანგ სალიას შესაძენად დაწყებულ ბრძოლაში ლიდერობენ.

„პრემიერლიგის გრანდები – „მანჩესტერ სიტი“ და „არსენალი“ ქართველი ფეხბურთელის, ვახტანგ სალიას შესაძენად იბრძვიან. 16 წლის ფორვარდი „დინამო თბილისში“ თამაშობს, მიმდინარე სეზონში ექვს მატჩში ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

ევროპულ გრანდებს სეზონის დაწყებამდეც ჰქონდათ ინფორმაცია სალიას შესახებ (რომელიც უკვე მონათლეს ახალ ხვიჩა კვარაცხელიად), მაგრამ ახლა მისი შეძენით დაინტერესებული კლუბების რაოდენობა კიდევ უფრო იზრდება. გავრცელებული ინფორმაციით, „მანჩესტერ სიტი“ და „არსენალი“ ტრანსფერზე უკვე მუშაობენ.

ამ კლუბების გარდა, ინგლისში სალიას მიმართ ინტერესს „ჩელსი“ და „ტოტენჰემიც“ ავლენენ. ახალგაზრდა ტალანტის თამაშს „რეალი“, „ატლეტიკო“, „ბარსელონა“, „პარი სენ-ჟერმენი“, „ბაიერნი“ და დორტმუნდის „ბორუსიაც“ აკვირდებიან.

გასულ კვირას საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის პლეიოფში საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ზაფხულში ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა. ვილი სანიოლის გუნდი გერმანიაში თურქეთს, ჩეხეთსა და პორტუგალიას დაუპირისპირდება, ვარაუდობენ, რომ სალია ევრო 2024-ზე, შესაძლოა, საქართველოს ნაკრებშიც გამოიძახონ“, – წერს გამოცემა hitc-ი.