ინგლისური გამოცემა - ჩაკვეტაძე ჩემპიონშიფის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ჩამოყალიბდა #1TVSPORT
„უოტფორდში“ 4 მოთამაშეა, რომლებმაც, შესაძლოა, ზაფხულში გუნდი დატოვონ, ერთ-ერთი მათგანი გიორგი ჩაკვეტაძეა – ამის შესახებ გამოცემა Football League World-ი წერს.
„ინგლისის ჩემპიონშიპის „უოტფორდში“ ცვლილებები დაიწყო. გუნდიდან მთავარი მწვრთნელი, ტომ კლევერლი „ვალიადოლიდის“ ყოფილმა თავკაცმა, პაულო პეცოლანომ შეცვალა. ურუგვაელ სპეციალისტს დიდი სამუშაოს ჩატარება მოუწევს, რათა „უოტფორდი“ კვლავ პრემიერლიგაში დაბრუნების პრეტენდენტი გახდეს. თუმცა, ეს ამოცანა, შესაძლოა, გართულდეს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩილელი ცენტრალური მცველი, ფრანსისკო სიერალტა დაახლოებით 1.5 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ საფრანგეთის ლიგა 1-ის „ოსერში“ გადავა.
კიდევ ოთხი ფეხბურთელია, რომლებმაც, შესაძლოა, გუნდი დატოვონ, პირველი კანდიდატი კი გიორგი ჩაკვეტაძეა – მოსალოდნელია, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ზაფხულში დიდი ინტერესის ობიექტი გახდება. ცოტა ხნის წინ მას „ვულვერჰემპტონსა“ და „ევერტონთან“ აკავშირებდნენ.
25 წლის ჩაკვეტაძემ გასულ სეზონში შესანიშნავი ტექნიკური შესაძლებლობები გამოავლინა და ჩემპიონშიფის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ჩამოყალიბდა“.