ინგლისში დააკავეს ბავშვთა მწვრთნელი, რომელმაც რეშფორდს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა #1TVSPORT
ინგლისში დააკავეს ბავშვთა მწვრთნელი, რომელმაც რეშფორდს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა #1TVSPORT

ბრიტანულმა პოლიციამ დააპატიმრა ოთხი ადამიანი, რომლებსაც ბრალად ედებათ სოციალურ ქსელებში ინგლისის ნაკრების ფეხბურთელების მიმართ რასისტული შეურაცხყოფა.

ყველაზე მეტად დაზარალდნენ ინგლისის ნაკრების ფერადკანიანი ფეხბურთელები – მარკუს რეშფორდი, ბუკაიო საკა და ჯეიდონ სანჩო, რომლებმაც ევრო 2020-ის ფინალში იტალიის ნაკრების წინააღმდეგ პენალტების სერიაში 11-მეტრიანები გააფუჭეს.

ბრიტანეთის პოლიციის ეროვნული განყოფილების კონსტებლმა მარკ რობეტსმა განაცხადა, რომ დაპატიმრებების სერია გაგრძელდება: „თუ ჩვენ დავადგენთ, ვინ დგას ამ დანაშაულებების უკან, მათ ბოლომდე მივყვებით და სერიოზული სირთულეები შეხვდებათ თავიანთი სამარცხვინო საქციელისთვის. ამაზრზენი იყო რასისტული შეურაცხყოფები ჩვენი ფეხბურთელების მისამართით მატჩის შემდეგ. მათ ყველანი შოკში ჩააგდეს და მთელი ქვეყნის მოსახლეობა შეაძრწუნეს“.

რეშფორდის მისამართით ერთ-ერთი შეურაცმყოფელი შეტყობინების ავტორი გახდა ბავშვთა საფეხბურთო მწვრთნელი, 50 წლის ნიკ სკოტი. მან შემდეგი შინაარსის ტვიტი გაგზავნა: „მარკუს რეშფორდ, ჩაალაგე ჩემოდანი და გაემგზავრე შენს ქვეყანაში“.

თავდაპირველად სკოტი უარყოფდა ამ შეტყობინების ავტორობას და ამტკიცებდა, რომ მისი გვერდი უცნობებმა გატეხეს. მაგრამ, ასეთ შემთხვევაში გაუგებარი რჩება, ვინ გამოაქვეყნა სკოტის პროფილზე მეორე შეტყობინება ფინალიდან ორი საათის თავზე, რომელშიც ეწერა: „ბოდიში უნდა მოვიხადო მარკუს რეშფორდის წინაშე. ჯერ ისევ გაბრაზებული ვარ, მაგრამ არა შენზე“.

მოგვიანებით, სკოტმა შეცვალა მოვლენების თავდაპირველი ვერსია: ის აღიარებს, რომ „შესაძლოა, ტვიტი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა გაგზავნა“ და აცხადებს, რომ არ ახსოვს ეს როგორ გააკეთა. „მინდა მარკუსმა იცოდეს, რომ ძალიან ვწუხვარ და გულწრფელად ვუხდი ბოდიშს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან ჩემი შვილებისთვის და ქვეყნის დანარჩენი ბავშვებისთვის გააკეთა უფასო სასკოლო კვების მხრივ… ის აბსოლუტურად გენიალურია. ის დაეხმარა ჩემს ოჯახს, მე კი არ შემიძლია მადლობა გადავუხადო“, – მოჰყავს სკოტის სიტყვები გაზეთ „დეილი მეილს“.