ინგლისის სპორტულ ჟურნალისტებს რასიზმის გაღვივებაში ადანაშაულებენ
ინგლისის სპორტულ ჟურნალისტებს რასიზმის გაღვივებაში ადანაშაულებენ

პრესის მხრიდან „მანჩესტერ სითის“ ფორვარდ რაჰიმ სტერლინგის თამაშზე ნეგატიური კომენტარები „რასისტულ რიტორიკას აღვივებს“,  ნათქვამია ინგლისის „პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

24 წლის სტერლინგი, კვირას, 9 დეკემბერს, თავადაც გამოეხმაურა შექმნილ ვითარებას და სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა, რომ გაზეთები ქვეყანაში რასიზმის გაღვივებას უწყობენ ხელს, როდესაც ახალგაზრდა შავკანიან ფეხბურთელებზე ნეგატიურ სტატიებს აქვეყნებენ.

ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ პრემიერლიგის ბოლო ტურის მატჩში, რომელშიც „მანჩესტერ სითიმ“ „ჩელსისთან“ 0-2 წააგო, სტერლინგს რასისტული ხასიათის შეურაცხყოფა მიაყენეს.

„ნათელია, რომ სტერლინგს უფრო მკაცრად აკრიტიკებენ, ვიდრე მის კოლეგებს და ეს რასიზმის გაღვივებას უწყობს ხელს“, – ნათქვამია „პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსისთან“ დამარცხების შედეგად მანჩესტერ სითიმ პრემიერლიგაში ლიდერობა დაკარგა და მეორე ადგილზე დაქვეითდა, პირველზე კი ლივერპულია, რომელმაც სტუმრად „ბორნმუთი“ 0-4 დაამარცხა.