ინგლისის პრემიერლიგის სეზონი, შესაძლოა 8 ივნისს განახლდეს
ინგლისის პრემიერლიგის სეზონი, შესაძლოა 8 ივნისს განახლდეს

ინგლისის პრემიერლიგის კლუბები პარასკევს, პირველ მაისს ვიდეოკონფერენციას გამართავენ, რათა 2019-20 წლების სეზონის ივნისში განახლების შესაძლებლობა განიხილონ, – წერს „დეილი მეილი“.

ბრიტანეთის სპორტის მინისტრმა ოლივერ დაუდენმა განაცხადა, რომ მუშაობს კლუბებთან, რათა სეზონი მომდევნო თვეში განახლდეს.

„მე პირადად ველაპარაკე პრემიერლიგას, რათა სეზონი მალე განახლდეს. ამაში ჩართული უნდა იყოს მთელი საფეხბურთო საზოგადოება. თუმცა, რა თქმა უნდა, ასეთი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ჯანდაცვის რეკომენდაციების შესაბამისად“, – განაცხადა დაუდენმა.

სეზონი, შესაძლოა, 8 ივნისს განახლდეს, რათა მოესწროს მისი ივლისის ბოლოს დასრულება. ეს ნიშნავს, რომ კლუბები სრულფასოვან ვარჯიშებს 18 მაისს უნდა დაუბრუნდნენ. სწორედ ამ მიმართულებით მუშაობენ გუნდები, როცა საკუთარ საკარანტინო ზომებს ამსუბუქებენ. მაგალითად, ორშაბათს „არსენალმა“ „ევერტონმა“ და „ვესტ ჰემმა“ მოთამაშეებს საკლუბო ბაზებზე დაბრუნების ნება დართეს, მაგრამ გააფრთხილეს, რომ დაიცვან დისტანცირების წესი.

დიდი ალბათობით, მატჩები მაყურებლების გარეშე ჩატარდება, ხოლო ჩემპიონატის განახლებამდე, ფეხბურთელები და პერსონალი კორონავირუსზე აუცილებელ ტესტირებას გაივლიან.