ინგლისის პრემიერ-ლიგაში ვიდეოგამეორების სისტემას გამოიყენებენ
ინგლისის პრემიერ-ლიგაში ვიდეოგამეორების სისტემას გამოიყენებენ

ინგლისის უმაღლესი საფეხბურთო დივიზიონის მორიგ ტურში ვიდეოგამეორების ტექნოლოგია (VAR) პირველად იქნება გამოყენებული. ხსენებული ტექნოლოგია უკვე დაინერგა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში და 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზეც იქნა გამოყენებული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ინგლისში ვიდეოგამეორების სისტემას პირველად გასულ სეზონში მიმართეს, ოღონდ ეს არა პრემიერ-ლიგაში, არამედ ასოციაციის თასის ერთ-ერთ მატჩში მოხდა („ბრაიტონი“ – „კრისტალ პალასი“).

მას შემდეგ, VAR ხსენებულ ტურნირში სისტემატიურად გამოიყენება, თუმცა, მიმდინარე წლის აპრილში, პრემიერ-ლიგის კლუბებმა 2018-19 სეზონში ამ ტექნოლოგიის დამკვიდრების წინააღმდეგ მისცეს ხმა.

ამიტომ, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თქმით, უახლოეს ტურში ვიდეოგამეორება მხოლოდ საცდელი სახით იქნება გამოყენებული და მატჩებზე გავლენას არ მოახდენს.

მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოგამეორების სისტემამ მსოფლიოს ჩემპიონატზე საყოველთაო მოწონება დაიმსახურა, ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია და უეფა ჯერ-ჯერობით ამ სიახლეს ეჭვის თვალით უყურებენ.