ინგლისელი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ ქალთა ფეხბურთში კარები უნდა დაპატარავდეს და ბურთი უფრო მსუბუქი გახდეს
ინგლისელი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ ქალთა ფეხბურთში კარები უნდა დაპატარავდეს და ბურთი უფრო მსუბუქი გახდეს

„ნიუკასლ იუნაიტედისა“ და „მანჩესტერ სიტის“ ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად ინგლისის რანგით მეოთხე დივიზიონში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ „ფლიტვუდ თაუნის“ მთავარი მწვრთნელი ჯოი ბარტონი აცხადებს, რომ ქალთა ფეხბურთში კარების ზომა და ბურთის წონა უნდა შეიცვალოს, რათა თამაში უფრო სანახაობრივი გახდეს.

„ეს განსხვავებული სპორტია. ქალთა ფეხბურთი უნდა შეესაბამებოდეს ქალებს ფიზიკურად და ბიოლოგიურად“, – ამბობს ბარტონი. – „კარების ზომა და ბურთის წონა უნდა შეიცვალოს“.

ინგლისელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ არსებული პირობები ქალთა ფეხბურთს ნაკლებად სანახაობრივს ხდის იმასთან შედარებით, რასაც მამაკაცები თამაშობენ.

„თუ უკეთესი ქალთა ფეხბურთი გვსურს, თუ გვინდა, რომ მათ თამაშებზე ხალხმა იაროს, ასეთ პირობებში ეს არ გამოვა და ყოველთვის ნაკლებად სანახაობრივი პროდუქტი იქნება. ამის მიზეზი ის არის, რომ კაცები უფრო დიდები, ძლიერები და სწრაფები არიან, ვიდრე ქალები. მოდი, რეალისტები ვიყოთ და ვთქვათ, რომ თუ ბურთის წონას მცირედით შევცვლით, განსხვავებას ვერავინ შეატყობს, მაგრამ გარანტიას გაძლევთ, რომ ბევრი თვალსაზრისით ასეთი ბურთი ქალების ფიზიოლოგიას მოერგება“, – ასკვნის ბარტონი.