ინფანტინომ ფიფა-ს ყველა წევრ ქვეყანას დაგეგმილი რეფორმების შესახებ აცნობა – დემოკრატიული პროცესები, დამოუკიდებლობა და ფიფას სპორტული ავტორიტეტი არასოდეს ყოფილა ვაჭრობის საგანი #1TVSPORT

00:43, 22.09.2026

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ მზადაა დიალოგისთვის ფიფა-სა და მსოფლიო ფეხბურთის მართვის სტრუქტურის რეფორმირების თაობაზე.

56 წლის შვეიცარიელმა ორშაბათს წერილი გაუგზავნა ფიფა-ს საბჭოს წევრებსა და ორგანიზაციაში შემავალი 211 ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტებს.

ინფანტინო შეეხო სკანდალურ პროექტს (FIFA Forward Enterprise), რომელიც კერძო ინვესტორებისთვის მსოფლიო ჩემპიონატის წილის მიყიდვას ითვალისწინებდა, და წარადგინა რეფორმირების ორი სხვადასხვა გეგმა 15 ოქტომბერს დაგეგმილი ფიფა-ს საბჭოს სხდომის წინ.

„პირველ რიგში, საბჭოს ვკითხავ, არის თუ არა ის მზად ფიფაში მსხვილი სტრატეგიული ინიციატივების მართვის მოქმედი სისტემის დამოუკიდებელი გარე აუდიტის ინიცირებაზე. ამ შემოწმების შემდეგ, მან უნდა შეიმუშაოს რეკომენდაციები მართვის სისტემის სრულყოფასთან დაკავშირებით.

მეორე – საბჭოს შევთავაზებ კონფედერაციებთან, ეროვნულ ასოციაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან პირდაპირი და ვადებში შეზღუდული კონსულტაციების პროცესის ორგანიზებას ფიფაში გადაწყვეტილებების მიღების სისტემის შემდგომი განმტკიცების საკითხებზე.

კონსულტაციების ფარგლებში დაგეგმილია კონკრეტული წინადადებების შეგროვება, რომლის მიზანიც იქნება: ფიფას ინსტიტუტების უფრო ადრეულ ეტაპზე ჩართულობა; პრეზიდენტს, ბიუროს, საბჭოსა და კონგრესს შორის როლების გადანაწილება; გამჭვირვალობის ამაღლება; დაინტერესებული მხარეების მონაწილეობის უზრუნველყოფა და მსხვილი სტრატეგიული ინიციატივების განხორციელებისას ანგარიშვალდებულების გაძლიერება.

დემოკრატიული პროცესები, დამოუკიდებლობა და ფიფას სპორტული ავტორიტეტი არასოდეს ყოფილა ვაჭრობის საგანი. ეს არ იყიდება და არც არასოდეს გაიყიდება.

რაც შეეხება FIFA Forward Enterprise-ს, წინადადება არ ითვალისწინებდა ფიფას მიერ კონტროლზე ან სპორტული გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილებაზე უარის თქმას. ეს წინადადება საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა იქამდე, სანამ ფიფას რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურები დასრულდებოდა და სანამ მისი სრული მოცულობით წარდგენა მოხერხდებოდა საბჭოსა და წევრ-ეროვნულ ასოციაციებთან. მესმის, რომ სრული კონტექსტის არარსებობამ შეშფოთება გამოიწვია და შექმნა შთაბეჭდილება, თითქოს გადაწყვეტილებები უკვე მიღებული იყო. სინამდვილეში ეს ასე არ გახლდათ.

ეს მხოლოდ წინადადება იყო და არა მიღებული გადაწყვეტილება, და მას ნებისმიერ შემთხვევაში ესაჭიროებოდა დამტკიცება საბჭოსგან და ფიფას წევრი ეროვნული ასოციაციებისგან. ახლა ეს წინადადება გაწვეულია და აღარ განხორციელდება.

ამ გამოცდილებამ მარტივი ჭეშმარიტება დაადასტურა: ღირსეულ მიზანს ზურგს უნდა უმაგრებდეს პროცესი, რომელიც ნდობას იწვევს. მასშტაბური იდეები უნდა შემუშავდეს, შემოწმდეს და განვითარდეს საიმედო და ავტორიტეტული ინსტიტუტების მეშვეობით. მე სრული სერიოზულობით ვეკიდები ამ პასუხისმგებლობას.

FIFA Forward Enterprise-ის წინადადებაზე უარის თქმა არ აკნინებს ჩვენს ამბიციებსა და პასუხისმგებლობას იმასთან დაკავშირებით, რომ ფიფას წარმატებების წყალობით მიღებული თანხები კვლავ ფეხბურთს დავუბრუნოთ. ორგანიზაცია განაგრძობს ფიფას რესურსების გასაზრდელად სხვადასხვა მყარი ხერხების ძიებას.

ჩვენი ამბიციური მიზანი არ იცვლება, იცვლება იმ პროცესის საიმედოობა, რომლის მსვლელობის დროსაც მუშავდება, მოწმდება და მიიღება გადაწყვეტილებები მასშტაბურ ინიციატივებზე“, – ნათქვამია წერილში.

ამ მომენტისთვის ინფანტინო 2027 წლის მარტში გასამართი საპრეზიდენტო არჩევნების ერთადერთ კანდიდატად რჩება. კანდიდატების წარდგენის ვადა 18 ნოემბერს იწურება.

მსგავსი