ინფანტინო ყატარის შესახებ - რა თქმა უნდა, ეს სამოთხე არ არის #1TVSPORT
ინფანტინო ყატარის შესახებ - რა თქმა უნდა, ეს სამოთხე არ არის #1TVSPORT

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ ყატარმა შეძლო პროგრესის მიღწევა ადამიანის უფლებებისა და მშრომელთა უფლებების დაცვის მიმართულებით. ამ ქვეყანაში 2022 წლის 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება.

„რა თქმა უნდა, ეს სამოთხე არ არის. იქ ყველაფერი იდეალურად არ გამოიყურება და კიდევ ბევრია სამუშაო, მაგრამ უნდა დავრჩეთ იქ. ერთად უნდა ვიმუშაოთ. უნდა წავახალისოთ გარდაქმნები, რადგან ყველას არ უნდა სასიკეთო ცვლილებები – ყატარშიც და სპარსეთის ყურის ქვეყნებშიც. მაგრამ ყატარის მთავრობას სურს ეს გარდაქმნები.

ადამიანის უფლებებისა და მშრომელთა უფლებების მხრივ წინსვლას ჯერ კიდევ მსოფლიო ჩემპიონატამდე მიაღწიეს. მნიშვნელოვანია ეს გაგრძელდეს და ეს ტენდენცია შენარჩუნდება, რადგან ეს ჩადებულია კანონმდებლობაში.

მთელი მსოფლიო დაინახავს, რომ ყატარში ყველას მიესალმებიან, თუნდაც ლგბტ-ს წარმომადგენლებს. მესმის სიტყვები იმის შესახებ, რომ „არაბული ქვეყანა არ იმსახურებს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას, რადგან მას არ აქვს საფეხბურთო ისტორია“. მე ამას სრულიად არ ვეთანხმები… რადგან მთელი მსოფლიო იმსახურებს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას“, – მოჰყავს ინფანტინოს სიტყვები სააგენტო AP-ს.