ინფანტინო - საშინაო მატჩი ნიშნავს, რომ მატჩი საშინაო უნდა იყოს
ინფანტინო - საშინაო მატჩი ნიშნავს, რომ მატჩი საშინაო უნდა იყოს

ესპანეთის უმაღლესი დივიზიონის ერთ-ერთი მატჩის ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართვის იდეა ფიფას პრეზიდენტმაც დაიწუნა. ჯანი ინფანტინო აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებში სიამოვნებით დაესწრებოდა საფეხბურთო მატჩს, თუ ამ მატში ადგილობრივი საფეხბურთო ლიგის გუნდები მიიღებდნენ მონაწილეობას, ესპანური გუნდები კი ესპანეთში უნდა თამაშობდნენ.

„ფეხბურთში ერთი მარტივი პრინციპია: საშინაო მატჩი შინ უნდა ითამაშო და არა უცხო ქვეყანაში“, – ამბობს ინფანტინო, რომლის განცხადებას წამსვე გამოეხმაურა ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი.

„ფიფას პრეზიდენტს მინდა შევახსენო, რომ ამერიკის ლიგაში კანადის სამი გუნდი თამაშობს და ეს იმ პირობებში, როდესაც კანადას თავისი საკუთარი ლიგაც აქვს. გარდა ამისა, ამერიკის მოქმედი ჩემპიონი კანადური გუნდია“, – ამბობს ტებასი.

აღსანიშნავია, რომ კანადური გუნდები, „ტორონტო“ (მოქმედი ჩემპიონი), „მონრეალი“ და „ვანკუვერი“ მართლაც ამერიკის საფეხბურთო ლიგაში (MLS) თამაშობენ, თუმცა საშინაო მატჩებს საკუთარ ქალაქებში ატარებენ.

შეგახსენებთ, რომ ესპანურმა „ლა ლიგამ“ (უმაღლესი საფეხბურთო დივიზიონი) 15-წლიანი კონტრაქტი გააფორმა სამაუწყებლო კომპანია „რელევენტთან“ და შეთანხმება სეზონში ერთი თამაშის ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართვას ითვალისწინებს. რამდენიმე კვირის წინ ორმა ესპანურმა გუნდმა, „ბარსელონამ“ და „ჟირონამ“, ამ შეთავაზებაზე თანხმობა განაცხადეს და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას შესაბამისი თხოვნით მიმართეს.

იმისათვის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი მატჩი გაიმართოს, ნებართვა ოთხმა ორგანიზაციამ უნდა გასცეს. ესენია ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია, აშშ-ს ფეხბურთის ფედერაცია, უეფა და კონკაკაფი (ჩრდილოეთ ამერიკის ფეხბურთის ფედერაცია).

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ხნის წინ, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუის რუბიალესმაც უარყოფითი დამოკიდებულება გამოთქვა მატჩის ამერიკაში ჩატარების იდეის მიმართ, რაშიც მას „ესპანეთის ფეხბურთელთა კავშირიც“ ეთანხმება: ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ბოლო სიტყვა ამ საკითხში მოთამაშეებს ეკუთვნით.