ინდონეზიის პრეზიდენტი​ აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინს ვოლოდიმირ ზელენსკის გზავნილი გადასცა
ინდონეზიის პრეზიდენტი​ აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინს ვოლოდიმირ ზელენსკის გზავნილი გადასცა

ინდონეზიის პრეზიდენტი ჯოკო ვიდოდო აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინის ლიდერის, ვოლოდიმირ ზელენსკის გზავნილი გადასცა. ამის შესახებ ვიდოდომ მოსკოვში პუტინთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა. მანამდე ინდონეზიის ლიდერი კიევში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდა.

ამასთან, ჯოკო ვიდოდოს არ გაუსაჯაროებია, თუ რა გზავნილი დააბარა ზელენსკიმ მას პუტინისთვის გადასაცემად. თუმცა აღნიშნა, რომ მზად არის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს შორის კომუნიკაციის დაწყებას შეუწყოს ხელი. ჯოკო ვიდოდოს განცხადებით, ინდონეზია გააგრძელებს რუსეთთან თანამშრომლობას.

თავის მხრივ, ვლადიმირ პუტინმა მედიას განუცხადა, რომ რუსეთი მზად არის, დააკმაყოფილოს ინდონეზიის მოთხოვნა სასუქებზე, რომლის ექსპორტიც უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულმა ომმა და დასავლურმა სანქციებმა შეაფერხა. ამას გარდა, ჯოკო ვიდოდომ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ისურვებდა, ომი მალე დასრულებულიყო.

„იმის მიუხედავად, რომ საგარეო სიტუაცია კვლავ რთულია, მაინც მნიშვნელოვანია დარეგულირებისკენ და ღია დიალოგისკენ წინსვლა. მე მოვუწოდებ მსოფლიოს ყველა ლიდერს, აღადგინონ თანამშრომლობის სულისკვეთება“, – განაცხადა ვიდოდომ ვლადიმირ პუტინთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

რუსეთის პრეზიდენტმა ინდონეზიის ლიდერთან მოლაპარაკებებს ნაყოფიერი უწოდა.

„დარწმუნებული ვარ, რომ დღეს მიღწეული შეთანხმებები კიდევ უფრო გააძლიერებს რუსულ-ინდონეზიურ თანამშრომლობას“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დააკისრა დასავლეთს პასუხისმგებლობა ნებისმიერი პოტენციურ გლობალურ სასურსათო კრიზისზე.

„ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ სასურსათო ბაზრების ბალანსის დარღვევა – ეს არის ზოგიერთი ქვეყნის მრავალწლიანი უპასუხისმგებლო მაკროეკონომიკური პოლიტიკის, უკონტროლო ემისიისა და არაუზრუნველყოფილი სესხების დაგროვების შედეგი. ვითარება გამწვავდა კორონავირუსის პანდემიის დაწყებით. თუმცა დასავლური ქვეყნები, რომლებმაც არ ისურვეს თავიანთი ეკონომიკური კურსის შეცდომის აღიარება, კიდევ უფრო მეტად ახდენენ სოფლის მეურნეობის პროდუქციის გლობალური წარმოების დესტაბილიზაციას რუსული და ბელარუსული სასუქის მიწოდებაზე შეზღუდვების დაწესებით, მსოფლიო ბაზარზე რუსული მარცვლეულის ექსპორტის გართულებით, მარცვლეულის ტრანსპორტირების დაზღვევის და სავაჭრო კონტრაქტების შესაბამისად საბანკო გადახდების გართულებით“, – განაცხადა პუტინმა.

ომის დაწყებამდე უკრაინა ინდონეზიაში ხორბლის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი იყო.

ინდონეზია ამჟამად დიდი ოცეულის თავმჯდომარეა.