ინდოეთში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ინდოეთში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ინდოეთის დედაქალაქ დელიში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ტელეკომპანია „ენდიტივის“ ინფორმაციით, დაღუპულია პოლიციის ერთი თანამშრომელი და საპროტესტო აქციის ერთი მონაწილე.

ახალგაზრდების რადიკალურად განწყობილმა ჯგუფებმა რამდენიმე ავტომობილი, მაღაზია და შენობა დაწვეს. პოლიცია იძულებული გახდა, ცრემლსადენი გაზი გამოეყენებინა. ადგილობრივი მედია წერს, რომ სამართალდამცველები ამ დროისთვის ვითარებას აკონტროლებენ.

ინდოეთში საპროტესტო აქცია მოქალაქეობის კანონის ახალმა რედაქციამ გამოწვია. ინდოეთის მოქალაქეობის შესახებ კანონის ახალი ვერსია, რომელიც უკვე მოქმედებს, ითვალისწინებს ინდოეთის მოქალაქეობის გამარტივებულ მიცემას სამხრეთ აზიის ქვეყნების: პაკისტანის, ავღანეთისა და ბანგლადეშის არამუსლიმებისთვის, თუ მათ სამშობლოში შევიწროება ემუქრებათ. საუბარია ადამიანებზე, რომლებიც ინდუიზმს, სიქიზმს, ჯაინიზმს, ბუდიზმსა და ქრისტიანობას აღიარებენ და მუსლიმურ ქვეყნებში ცხოვრობენ.

ცვლილებები არ ვრცელდება რეგიონის სხვა ქვეყნების, მათ შორის ნეპალისა და შრი-ლანკის მოქალაქეებზე, ასევე მუსლიმებზე. კანონი არ მოსწონთ ინდოელ მუსლიმებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ის არღვევს კონსტიტუციას, რომელიც ყველასთვის თანასწორუფლებიანობას აცხადებს, მიუხედავად რელიგიისა.