ინდოეთში 23 წლის სტუდენტის ჯგუფურად გაუპატიურებისთვის გასამართლებული ოთხი პირი სიკვდილით დასაჯეს
ინდოეთში 23 წლის სტუდენტის ჯგუფურად გაუპატიურებისთვის გასამართლებული ოთხი პირი სიკვდილით დასაჯეს

ინდოეთში 23 წლის სტუდენტი გოგონას ჯგუფურად გაუპატიურების გამო გასამართლებული ოთხი პირის მიმართ სასიკვდილო განაჩენი აღასრულეს. სასამართლომ ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი 2013 წელს გამოიტანა. ეს 2015 წლის შემდეგ ქვეყანაში აღსრულებული პირველი სასიკვდილო განაჩენია.

23 წლის გოგონას, რომელსაც პრესამ უშიშარი შეარქვა, ვინაიდან მისი ვინაობის გასაჯაროებას ადგილობრივი კანონმდებლობა კრძალავს, ექვსი ახალგაზრდა მამაკაცი ავტობუსში დაესხა თავს. ის ჯგუფურად გააუპატიურეს, შემდეგ კი რკინის ჯოხით სცემეს და მოძრავი ავტობუსიდან გადააგდეს. სტუდენტი ავტობუსში მეგობარ ბიჭთან ერთად მგზავრობდა, რომელსაც თავდამსხმელები ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ.

გოგონასთვის მიყენებული დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა. ის ჯერ დელის საავადმყოფოში, შემდეგ კი სინგაპურში გადაიყვანეს, თუმცა თავდასხმიდან ორ კვირაში გარდაიცვალა.

მომხდარს მასშტაბური გამოხმაურება მოჰყვა ქვეყანაში.

ექვსი თავდამსხმელიდან ერთ-ერთი 2013 წლის მარტში ციხეში გარდაცვლილი იპოვეს. მეექვსე ბოროტმოქმედი კი, რომელიც თავდასხმის მომენტისთვის არასრულწლოვანი იყო, ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით, სამწლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ გათავისუფლდა.