„ინდიანას“ მოგებათა სერია გრძელდება
„ინდიანას“ მოგებათა სერია გრძელდება

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარულ სეზონზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა „ინდიანამ“. „პეისერსმა“ ამჯერად საკუთარ არენაზე „იუტა ჯაზს“ უმასპინძლა და მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით, 121:102 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ცენტრმა მოედანზე 11,32 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 3 ქულა, 4 მოხსნა და 2 გადაცემა მიითვალა. გოგამ 4-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 3-ქულიანი არ უსვრია. ბითაძემ 2 ბურთი დაცვაში მოხსნა, ორიც – შეტევაში. საბოლოოდ, მისი სარგებლიანობის ინდექსი -1 გახლდათ.

ბითაძე თამაშში პირველად საწყისი მეოთხედის ბოლოს ჩაერთო – მან საბონისი შეცვალა და მალევე გააკეთა პირველი მოხსნა დაცვაში, რის შემდეგაც ორქულიანიც ჩააგდო. „პეისერსიდან“ საუკეთესოები ტი ჯეი უორენი (23 ქულა) და დომანტას საბონისი გამოდგნენ. ლიეტუველმა 33 წუთში 23 ქულით და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. მაილს ტერნერის ანგარიშზე 8 ქულა და 4 მოხსნაა. ჯერემი ლემბმა მატჩი 18 ქულით დაასრულა. მალკოლმ ბროგდონის ანგარიშზე კი 22 ქულაა. 

„იუტას” რიგებში საუკეთესო ბოიან ბოგდანოვიჩი გახლდათ – მის ანგარიშზე 30 ქულაა (5 მოხსნა, 2 ასისტი). რუდი გობერმა 14 ქულით და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა, დონოვან მიტჩელმა კი 26 ქულა ჩააგდო. მომდევნო მატჩს ბითაძის გუნდი 30 ნოემბერს კვლავ შინ, „ატლანტა ჰოუქსთან“ გამართავს.