„ინდიანამ“ მორიგი მატჩი მოიგო, ბითაძემ ორი წუთი ითამაშა (ვიდეო)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) რეგულარული სეზონის მორიგი 11 შეხვედრა გაიმართა.

რიგით მე-16 მატჩი მოიგო „ინდიანა პეისერსმა“. გოგა ბითაძის გუნდმა საკუთარ არენაზე „ბოსტონს“ ანგარიშით 122:117 აჯობა. სამწუხაროდ, შეხვედრაში კვლავ არ მიეცა თავის გამოჩენის საშუალება საქართველოს ნაკრების ცენტრს – ნეიტ მაკმილანმა გოგა მოედანზე მხოლოდ 2:01 წუთით შეიყვანა.

ბუნებრივია, ამ დროის მონაკვეთში ქართველმა კალათბურთელმა ღირებული ვერაფერი შექმნა. ინდიანელებს შორის 15 ქულითა და 14 მოხსნით მორიგი ორმაგი დუბლი გაიფორმა დომანტას საბონისმა. მალკოლმ ბროგდონის ანგარიშზე 29 ქულაა. ბრედ სტივენსის გუნდში ბრწყინვალე მატჩი გამართა კემბა ვოკერმა. „ბოსტონის“ გამთამაშებელმა 44 ქულა მიითვალა, თუმცა ეს წარმატებისთვის საკმარისი არ გამოდგა.

კლივლენდი – ჰიუსტონი 110:116

ორლანდო – ლეიკერსი 87:96

ტორონტო – კლიპერსი 92:112

ბრუკლინი – შარლოტი 108:113

ჩიკაგო – ატლანტა 136:102

მინესოტა – იუტა 116:127

ფინიქსი – მემფისი 108:115

მილუოკი – ნიუ ორლეანი 127:112

საკრამენტო – ოკლაჰომა 94:93

გოლდენ სტეიტი – ნიუ იორკი 122:124 (ოვერტაიმი)