„ინდიანამ“ „ლეიკერსი“ დაამარცხა, მაკმილანმა ბითაძე კვლავ სათადარიგოთა სკამზე დატოვა (ვიდეო)

გოგა ბითაძის „ინდიანამ“ მიმდინარე სეზონზე, შეიძლება ითქვას, ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება იზეიმა. „პეისერსმა“ საკუთარ არენაზე დასავლეთ კონფერენციის ერთპიროვნული ლიდერი – „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ მიიღო და სამი ქულის სხვაობით, 105:102 დაამარცხა.

სამწუხაროდ, შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღო გოგა ბითაძემ. ნეიტ მაკმილანმა ახალგაზრდა ქართველ ცენტრს თავის გამოჩენის საშუალება კვლავ არ მისცა.

მასპინძელთა შორის საუკეთესო დომანტას საბონისი გამოდგა, რომელმაც 26 ქულითა და 10 მოხსნით მორიგი ორმაგი დუბლი გაიფორმა. ეს მისთვის მიმდინარე სეზონზე რიგით 23-ე ორმაგი დუბლი იყო. ლოს ანჯელესელებს შორის 20-20 ქულა დააგროვეს ლებრონ ჯეიმსმა და დვაიტ ჰოვარდმა. ჯეიმსს სამმაგ დუბლამდე 1 გადაცემა და 1 მოხსნა დააკლდა. ტრავმის გამო, უკვე მეორე მატჩი გამოტოვა ენტონი დევისმა.

„ინდიანას“ 19 მოგება და 9 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილს იკავებს, მომდევნო მატჩს მაკმილანის გუნდი 22 დეკემბერს „საკრამენტოსთან“ ჩაატარებს.